„150 წელი – დიდი ბანოვანის, მანანა ორბელიანის გარდაცვალებიდან“

150 წელი შესრულდა მანანა ორბელიანის გარდაცვალებიდან. ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„ქართველი ,,მადამ რეკამიე“

„მითხარ, მაია,
მითხარ მანანა,
დღეს სადღა არის თქვენი მშვენება?
ან უთქვენობით რა გვეშველება?
მითხარი,ნინა,
ეკატერინა,
შვიდი ნაწნავი რომ გერტყა მართა,
ნუთუ ამ ქვეყნად აღარ ხართ მართლა?
და ან უთქვენოდ რაღა ფასი აქვს
თბილისის დილას,
ქართლის ალიონს?
ვინ ამოსწიოს ხმალი კვლავ თქვენთვის,
ან ყანწი თქვენთვის ვიღამ დაცალოს?
სტუმრებიღა ხართ ჩემი სარკმელის,
როცა მოსკდება მთვარის ნამქერი,
მე თვითეული ზოლი მთვარისა
თქვენი დალალის ჩქერი მგონია
და მეხარბება მე მათი ბედი,
ვისიც იყავით შარავანდედი
ვისაც თქვენი ხმა გაუგონია!”
გიორგი ლეონიძის ეს ლექსი მაშინ დაიწერა, როცა, ყოველივე ქართულს უარი უთხრეს, როცა,,ვეფხისტყაოსანიც” უარყვეს და,, ობობას ქსელში გამომოწყვდეული” უწოდეს, მგონი, 1937 წელია.
1832 წლის „მამულის შეთქმის“ მონაწილე იყო კი არა, მის სახლშიც მზადდებოდა ეს შეთქმულება, იქ ტრიალებდა, ნინო ჭავჭავაძესთან ერთად ქარგავდა ქართულ დროშას, ერისთავების ასულის ბეჭედზე ასეთი სიტყვები ყოფილა ამოტვიფრული: „უდროოდ მზის დასვლით მაბნელა სოფელმა ანაზდეულადო”… მახსენდება ალ. ჭავჭავაძის სიტყვებიც: „მე ამას ვსტირი, განაწირი, ვაჰ თუ ვესწრა – ვერ, თუ არღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავცა იქნების”-ო.
მანანა ორბელიანი – ქართული თეატრის დიდი მოამაგე,
მანანა ორბელიანი – ,,ჟურნალ ,,ცისკრის” ერთ-ერთი დამაარსებელი, და მისი ლიტერატურული სალონი – სადაც დაიარებოდნენ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ლევან მელიქიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიდრრი ყიფიანი…მაიკო ორბელიანი…
შეთქმულების მერე დიდხანს ეკრძალებოდა ტფილისიდან გასვლა…
გრიგოლ ორბელიანი – მანანა ერისთავ-ორბელიანს:,,თქვენი გაბრწყინებული სალონი სავსეა ანგლიჩანებით, ფრანცუზებით, ჰინდოელებით. ჭეშმარიტად მშურს მათი და ვამბობ, – ნეტავი მათ რიცხვში მეც ვიყო – მეთქი“… და მერე უკვე, სიცოცხლის ბოლოს: „ღმერთმან გიშველოსთ. მეტად კარგები იყავით. მე გამომიყვანეთ კაცად, პოეტად და ახლაც თქვენვე ხართ ჩემი ნუგეშის მცემელიო”.
ლევ ტოლსტოის, თავის გენიალურ, დაუმორჩილებლობის თემაზე დაწერილ ,,ჰაჯი მურატში” მთელი გვერდი აქვს მიძღვნილი მანანა ორბელიანისადმი. ფბ გვერდზე მომაბეზრებელი იქნება იმ გვერდის გადმოტანა..
მისი სახელი დამოუკიდებელწართმეულ საქართველოსთან ასოცირდება ყოველთვის..
გრ. ორბელიანის წერილი ეკატერინე ჭავჭავაძეს,1870 წელი: „მწუხარება მწუხარებაზე დაგვერთო.. ძლივს დავასაფლავეთ ალექსანდრე, რომ ორი დღის შემდეგ მოვასვენეთ იქვე ჩვენი სასიქადულო მანანა”.
დედის გულმა ვერ გადაიტანა ვაჟიშვილის უდროო გარდაცვალება და თვითონაც, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა… დაკრძალულია სოფელ კუმისში, საგვარეულო საძვალეში…
ასეთი ანაგრამა მიუძღვნია ერთ დროს ალ. ჭავჭავაძეს მისთვის:
„სვემ მიწვიმა მანანა,
მომივლინა მან ანნა,
მას თან მოჰყვა მანანა,
მინანავა მან ნანა“…
—————————–
უბრალოდ…. გამახსენდა….გამახსენდა გრ. ორბელიანიც:
„როს გარდამშლიდე,
მეც დამხედავდე,
გამიღიმებდე,
მომიგონებდე…”

P. S.მისი ეს პორტრეტი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებმა ნანა ბუაძემ და ცისანა კუხიანიძემ ერთ დროს მიხსახსოვრეს წარწერით. ეხლა ვნახე, რომ ინტერნეტშიც ყოფილა… რა კარგია ხოლმე ძველი ფოტოების თვალიერება…
150 წელი – დიდი ბანოვანის, მანანა ორბელიანის გარდაცვალებიდან“… – წერს ნოდარ პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები