პუტინი ბჟანიას შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
ინფორმაციას ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც აღინიშნება, პუტინმა ბჟანიას უთხრა, რომ რუსეთი აფხაზეთის ნომერ პირველი პარტნიორია, რადგან რესპუბლიკის ეკონომიკური ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი სწორედ რუსეთთან აქვს.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში რუსი ექიმების მხრიდან აფხაზეთისთვის გაწეული დახმარება არსებითია, რადგან ერთობლივი მუშაობა გუდაუთის წითელ ზონაში გრძელდება.
თავის მხრივ, ბჟანიამ პუტინს მრავალწლიანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა რუსი ექიმების დახმარება კოვიდთან ბრძოლის საქმეში.
ბჟანიამ დაარწმუნა პუტინი, რომ “აფხაზეთის ხელისუფლება გააგრძელებს იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებიც არსებობს სახელმწიფოებს შორის, რადგან ყოველივე ეს აფხაზეთის ინტერესებს პასუხობს და მიმართულია სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე”.
ბჟანიამ პუტინი აფხაზეთში მიიწვია.