„მათ დაინახეს, რომ რუსეთმა თავის მოკავშირე არ დაიცვა“ – რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ყარაბაღის შემთხვევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
„საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი, დავით ბრაგვაძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, რუსეთთან მიმართებით განწყობები შეიცვლება, რადგან სეპარატისტებმა დაინახეს, რომ რუსეთმა თავის მოკავშირე სომხეთი არ დაიცვა. ამის შესახებ ბრაგვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„საქართველოსთვის რა გაკვეთილები შეიძლება, არსებობდეს ამ ყველაფრიდან – პირველ ყოვლისა, ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ რეგიონში შექმნილი ახალი ვითარება, ის ბალანსი, რომელიც მივიღეთ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ – ის, რომ ჩვენს რეგიონში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ძალის პოლიტიკა, რომელზეც დასავლეთს დიდი ხანია, უარი აქვს ნათქვამი, მაგრამ ჩვენთან, როგორც ჩანს, რუსეთის გავლენების კონცენტრაციიდან გამომდინარე, ეს ჯერ კიდევ აქტუალურია. ნათლად გამოჩნდა, რომ, თუ არ ჩავთვლით რუსეთსა და თურქეთს, სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის გვაქვს გამოკვეთილი ნომერი პირველი სამხედრო ძალა აზერბაიჯანის სახით. ის წინააღმდეგობა, რომელიც სომხეთმა გაუწია მასზე ტექნოლოგიურად გაცილებით უფრო წინ მდგომ და მრავალრიცხოვან არმიას, აჩვენებს იმასაც, რომ თავად სომხური შეიარაღებული ძალებიც საკმაოდ ბრძოლისუნარიანია. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება აუცილებლად მოუწევს არა იმიტომ, რომ საფრთხე მოდის აზერბაიჯანიდან ან სომხეთიდან, არამედ ეს სჭირდება ქვეყანას ბუნებრივად, საკუთარი სუვერენიტიეტის დასაცავად. მეორე, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ, არის ის, რომ ავტორიტარული მისწრაფებების სერიოზული ტენდენციაა, რუსეთი და აზერბაიჯანი ამ გზაზე დიდი ხანია დგანან, მეორე მხრივ, თურქეთში წლებია, ეს ტენდენციები ძლიერდება, სომხეთში საფრთხე ემუქრება ფაშინიანის ხელისუფლებას და შეიძლება, სომხეთის დემოკრატიული განვითარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აქედან გამომდინარე, უნდა შევინარჩუნოთ ის ფუქცია და როლი, რომელიც გვაქვს.
რაც შეეხება ვნებათაღლევას საქართველოს სატრანზიტო როლის დაკარგვაზე, იქედან გამომდინარე, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სომხეთის გავლით დერეფანი ჩნდება, ალბათ, ცოტა გადაჭარბებულია ამაზე ასეთი საუბარი, რადგან ეს გზა განუვითარებელია, რელიეფია რთული და ა.შ. თუმცა, ეს, ალბათ, დაძლევადი წინააღმდეგობაა რეალური თანამშრომლობის შემთხვევაში, უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ, სამწუხაროდ, ყარაბაღის მეორე ომის დასრულება არ ნიშნავს მტრობის დასრულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ძნელი წარმოსადგენია, მათ შეძლონ ეფექტიანი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ხელშეკრულების ეს მუხლი საერთოდ შესრულდება თუ არა, არც ვიცით იმიტომ, რომ ერთადერთი მუხლია, რომლის ვადები გაწერილი საერთოდ არაა“, – განაცხადა ბრაგვაძემ.
ბრაგვაძე ამბობს, რომ ყარაბაღის მეორე ომი არაა პრეცედენტი საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების თვალსაზრისით, რადგან ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის გამოსავალი არ არის.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მიმაჩნია, რომ ყარაბაღის შემთხვევა ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო ძალით აღდგენის თვალსაზრისით არ წარმოადგენს მაგალითს საქართველოსთვის. ჩვენთან სულ სხვა რეალობაა. ახლა გამოჩნდნენ იქ რუსი სამშვიდობოები, ჩვენთან რუსული საოკუპაციო ჯარები დგანან 2008 წლის შემდეგ. ეს წინააღმდეგობა ჩვენთან გაცილებით მძიმეა. მე არ მგონია, საქართველოსთვის გამოსავალი იყოს ფიქრი ამ მიმართულებით. ერთადერთი, ამ ყველაფერმა რა გავლენაც შეიძლება, იქონიოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, არის ის, რომ, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიმართებით არსებული განწყობები შეიცვლება. მათ დაინახეს, რომ რუსეთმა არ დაიცვა თავის მოკავშირე, რომელიც გაერო-ს, საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და რამდენად დაიცავს ის რაღაც სეპარატისტულ რეგიონებს კავკასიაში, ამაზე სერიოზული კითხვის ნიშანი დგას. თუმცა, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ამას შიძლება, პოზიტიური განვითარება მოჰყვეს. არ გამოვრიცხოთ, რომ განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში გაძლიერდეს ისედაც დომინანტური აზრი იმის შესახებ, რომ ცხინვალი უნდა მიუერთდეს რუსეთს. აფხაზეთის შემთხვევაში არ მგონია, რომ რუსეთთან მიერთების ხაზი გაძლიერდეს. იქ უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაისმება რუსეთთან მიმართებაში“, – განაცხადა ბრაგვაძემ.
თამუნა შეყილაძე