სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომელიც სხვა პატიმრებისგან იზოლირებული იყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომელიც სხვა პატიმრებისგან იზოლირებული იყო

ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

2020 წლის 8 ნოემბერს covid-19 დაუდასტურდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (რომელიც ყოფილი N9 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზეა განთავსებული) მყოფ ორ ბრალდებულს, ი.ს.-ს (რომელიც საკარანტინო სივრცეში 26 ოქტომბერს მოთავსდა) და ქ.ქ.-ს (საკარანტინო სივრცეში მოთავსდა 27 ოქტომბერს).

პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი კარანტინში მყოფ ორ ახალდაკავებულ ბრალდებულს. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. მოცემული პირები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები და ამავე საკანში მათთან ერთად კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის გეგმიური PCR ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კოვიდდადასტურებულ პირებთან კონტაქტის გამო იგი 12-დღიან საკარანტინო პერიოდს კიდევ ერთხელ გაივლის და მხოლოდ ამ ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნება გადაყვანილი ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).
ინფორმაციისთვის, 12 ოქტომბერს ახალი სამედიცინო პროტოკოლის ამოქმედების (ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ) შედეგად ახალდაკავებულ ბრალდებულებში covid-19-ის 4 შემთხვევა იქნა გამოვლენილი და თითოეულმა ამ პირმა მკურნალობა გაიარა შესაბამის სამოქალაქო კლინიკებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები