მთიან ყარაბაღში ოკუპირებული აფხაზეთიდან მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, სადაც 27 სექტემბრის მერე დღემდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ოკუპირებული აფხაზეთიდან მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა.

შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწემ, ახრა ავიძბამ გაავრცელა. ფოტოები სოჭის აეროპორტშია გადაღებული.

ავიძბამ ასევე მინაწერი გააკეთა – “თითოეულ ეთნიკურ სომეხს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი სამშობლო!! პირველი მერცხლები!! მოხალისეების აფხაზეთიდან, “ამშენის” ჯგუფი!! თითოეულ მათგანს ღვთის მფარველობა!!”.

ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეთა გაშვება იგეგმებოდა, მანამდე გახდა ცნობილი, რადგან ადრე სომხური თემის სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომ თემი საორგანიზაციო კომიტეტს ქმნის, რომელიც არწახის მოსახლეობის დასახმარებლად იქნება მიმართული.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პოზიციას – 2 ოქტომბერს ე.წ.პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მთიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარე მოვლენები დაგმო და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კავკასიის რეგიონს უქმნის საფრთხეს.

ასევე, აფხაზეთის ყველაზე მრავარიცხოვანმა პარტია “ამცახარამ” გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია – “გვახსოვს და ვაფასებთ ჩვენი სომეხი-ძმების მხარდაჭერას აფხაზეთის სამამულო ომის დროს, რომლებიც აფხაზებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ ქართველი აგრესორის წინააღმდეგ. ბევრ მათგანს გმირის წოდება აქვს”.

რაც შეეხება ახრა ავიძბას – ის დონეცკში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. იანვარში სოხუმში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც ე.წ.ოპოზიცია ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების ხელახალ დანიშვნას ითხოვდა, სწორედ ავიძბას ლიდერობით მოხდა ე.წ პარლამენტში შეჭრა და ასლან ბჟანიას ე.წ.გაპრეზიდენტება დიდწილად ავიძბას გავლენებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები