მდინარაძე – სააკაშვილზე: ის ერთადერთი არალეგიტიმური ადამიანია, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ლიდერად გვევლინებოდა
პარტია „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო არჩევნების პროცესში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანი გავლენის მქონე პირის როლს თამაშობს, თავის მომხრეებს აქეზებს და ცდილობს, თავი მოაჩვენოს, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება.
„ესაა ერთადერთი არალეგიტიმური ადამიანი ამ არჩევნებზე, რომელიც კამპანიაში იყო ჩართული და ლიდერად გვევლინებოდა იმიტომ, რომ ის არც საქართველოს მოქალაქეა, თან საქართველოს სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული თავის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ეს ადამიანი ახლა უბრალოდ თავის მომხრეებს აქეზებს, რომ რაღაც ისეთი ქნან, რაც მხოლოდ მის დესტრუქციულ გეგმებში ჯდება და ცდილობს რომ ვიღაცას თავი მოაჩვენოს, რომ ახლა მოდის, ხელმძღვანელი ხდება ამ ქვეყნის და რაღაცნაირად პათოსი შემატოს თავის სიტყვებს.
გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშობს და გონია, რომ ამით საპროტესტო ტალღას ააზვირთებს. საპროტესტო ტალღა მაშინ ზვირთდება, როდესაც ის სიმართლეზეა დაფუძნებული და ახლა რაც არ უნდა თავისი მომხრეები დასვან ეთერებში და ილაპარაკონ ოქმები გაყალბდაო, უკვე დოკუმენტურად მტკიცდება რაშიც იყო საქმე და ამას ქართული საზოგადოება კარგად გაიგებს. დარწმუნებული ვარ, ამ პროვოკაციაზე თავისი მომხრეები არ წამოეგებიან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობის ბულინგის მსხვერპლნი არიან.
მამუკა მდინარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები ,,ნაციონალურ მოძრაობას,, ქვეყნის არევის გეგმაში არ შეყვებიან და სიმართლის მხარეს დადგებიან.
„მე ვფიქრობ, რომ დესტრუქციული გეგმითა და არარსებული და წარმოუდგენელი რევოლუციურ სცენარში შეყოლით, ოპოზიციური პარტიები მომხრეებს ვერ დაიმატებენ. იმედი მაქვს, რომ ნაცმოძრაობის გარდა, სხვა პარტიები გონს მოეგებიან, არ შეყვებიან მათ ქვეყნის არევის გეგმაში, რეალობიდან გამოვლენ და სიმართლე რაც არის, დადგებიან იმ მხარეს. რაღაც პროცესები მიდის და მათაც სჭირდებათ გამოსავალი და თავის მომხრეებთან გამართლება იმ საქციელისა, რასაც დღესაც აკეთებენ, ხვალ გააკეთებენ ან წარსულში რასაც მოქმედებდნენ.
ჩემი აზრით, ისინი ნაცმოძრაობის ბულინგის მსხვერპლები არიან და მათ ფლანგზე შექმნილი აზრის. როდესაც გაანალიზებენ, იმედი მაქვს, რომ ისინი პარლამენტში შემოვლენ, საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებენ და ბოიკოტს არ გამოუცხადებენ თავის ამომრჩეველს. და ქვეყნის არევაში, რომელიც არ შედგება, მონაწილეობას არ მიიღებენ. დღეს სახელმწიფო სხვა სიმაღლეზე დგას”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.