ამირან გოგიტიძე: არასწორია ინფორმაცია, რომ ქუთაისში გარდაცვლილ, კორონავირუსით ინფიცირებულ 26 წლის პაციენტთან დაკავშირებით რეაგირება ან ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის პაციენტი ცხელებისა და სუნთქვის გაძნელების დიაგნოზით კლინიკაში 31 ოქტომბერს მოთავსდა, პირველ ნოემბერს კი გარდაიცვალა.

ამირან გოგიტიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი გახანგრძლივდა.

„აღნიშნულ პაციენტთან გამოძახება შემოვიდა 26 ოქტომბერს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. გამოძახების მოტივი იყო დაბალი წნევა. როდესაც სამედიცინო დახმარების ჯგუფის გაშვების წინ დაუკავშირდა ინიციატორს, ოპერატორს მიუთითეს, რომ პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და არ იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის საჭიროება, რის შედეგადაც გაუქმდა 26 ოქტომბერს გამოძახება. მეორე გამოძახება აღნიშნულ პაციენტთან დაფიქსირდა 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, 01:27 საათზე, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მყისიერად გავიდა შემთხვევის ადგილზე და მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება კლინიკა „უნიქალ მედში“. ამ შემთხვევაში გამოძახების მოტივი იყო სუნთქვის გაძნელება. პაციენტი სუნთქვის გაძნელებისა და ცხელების დიაგნოზით გადაიყვანეს კლინიკაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა. მინდა, აღვნიშნო, რომ აღებულ იქნა ნაცხი PCR კვლევისთვის და გარდაცვალების მომენტში დადგინდა ის, რომ პაციენტი კოვიდინფიცირებული იყო. ცალსახად არ ვადასტურებ იმას, რომ მოხდა გახანგრძლივებული რეაგირება ან გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლიდან დაიწყო პაციენტის ტრანსპორტირება“, – განაცხადა გოგიტიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები