რამაზ საყვარელიძე: თუ საპროტესტო მუხტი მაღალი არ იქნა, ოპოზიციის ერთობა დაირღვევა

საქართველოში მორიგი პოლიტიკური კტიზისია. ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ მანდატებზე უარი თქვა. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლელები? ამ საკითხზე „კვირა“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე, შესაბამისად, მანდატებზე უარს ამბობს. რისი იმედი აქვთ. ეს რაიმე ტაქტიკა-სტრატეგიაა თუ ემოცია?

ოპოზიციის ამ ქვედებაში არ ჩანს რაიმე სტრატეგია. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიპოვე. ჩვენ გვახსოვს, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და მათი დიდი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ფაქტობრივად, გაქრა. დიდი ალბათობით, ახლაც ასე მოხდება. ახლა რასაც ოპოზიცია აკეთებს, ფაქტობრივად, შანტაჟია. არ შემოვდივართ იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია არ მოგცეთ და დათმობაზე წამოგიყვანოთ – ესაა ოპოზიციის მიზანი. მაგრამ რამდენად დაჰყვება ამას ხელისუფლება მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა, ძნელი სათქმელია.
8 ოქტომბერს ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა. ეს ხომ არ იქნება ძალების ერთგვარი დათვალიერება, ანუ თუ ბევრი ხალხი შეიკრიბა, ოპოზიციის რადიკალიზაცია გაიზრდება, თუ არა და მათ ერთობაში ბზარი გაჩნდება?

შეიძლება ითქვას, რომ ასეა. თუმცა, ერთი თუნდაც მასშტაბური მიტინგი არაფერს წყვეტს. გააჩნია, რამდენად განგრძობადი იქნება დროში, ეს, ასე ვთქვათ, საპროტესტო მუხტი. თუ საპროტესტო მუხტი მაღალი არ იქნა, ოპოზიციის ერთობა დაირღვევა და ზოგიერთი მათგანს პარლამენტში ვიხილავთ.

ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. რა გარანტია აქვთ, რომ იქ სასურველ შედეგს მიიღებენ?
ჩემი აზრით, განმეორებითი არჩევნები ოპოზიციისთვის შესაძლოა, უფრო სავალალო აღმოჩნდეს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების ანალიზი. როცა საზოგადოებამ ,,ნაციონალების,, მობრუნების საფრთხე დაინახა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 60 პროცენტი აიღო. არაა გამორიცხული, რომ ახლაც ასე მოხდეს.

ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ შევიდეს პარლამენტში, საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის პარტნიორების დიდი უმრავლესობა უარყოფიად აფასებს. თუმცა, გამოჩნდენ ისეთებიც, რომლებიც არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებენ, მაგრამ ორმხრივი კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობენ. რა შეიძლება, იყოს ეს კომპრომისი?

სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამის თქმა. ის, ვინც ამ წინადადებას აყენებს, ფრჩხილებს არ ხსნის, ანუ რას გულისხმობს კომპრომისში. განმეორებითი არჩევნები რომ ჩატარდეს, ამას სჭირდება დასაბუთებული არგუმენტი, ანუ მყარი დოკუმენტი იმისა, რომ იყო დიდი გადაცდომები, რამაც შედეგებზე გავლენა იქონია. ასეთი რამ ჯერ არავის წარმოუდგენია. როგორც ჩანს, აქაურ ადგილობრივ აქტორებსა და მათ მხარდამჭერებს უნდათ, შექმნან ისეთი სიტუაცია, რომელიც ათქმევინებს უცხოელებს, რომ აუცილებელია კომპრომისი. უცხოელები ხომ ხშირად არც უყურებენ, სიმართლე საითაა. როცა ძალიან ძლიერია დაპირისპირება, ისინი ყოველთვის მედიატორის როლში გამოდიან და მიაჩნიათ, რომ ამით პრობლემა გვარდება.

,,ნაციონალური მოძრაობის,, 27 %-ს რით ახსნით. რამ განაპირობა მათი ასეთი მაღალი რეიტინგი?
ბევრი ფაქტორია. შეცდომები, რაც ხელისუფლებამ დაუშვა, გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა, რაშიც გარკვეული წვლილი ხელისუფლებასაც მიუძღვის. ასევე, ის, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში – იქნება ეს პოლიცია თუ სხვა ინსტიტუტები – ბევრია ,,ნაციონალური მოძრაობის,, მხარდამჭერი. გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშა პროპაგანდამ. ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი მედიარესურსია მობილიზებული, რასაც ხელისუფლებამ ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა. ,,ნაციონალურ მოძრაობას,, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ჰყავდა ელექტორატი, რომელიც სადღაც 20 %-ის ფარგლებში მერყეობს. წელს ეს ელექტორატი გაიზარდა და გაიზარდა იმ ყველაფრის გამო, რაც ზემოთ აღვნიშნე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები