ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მათ საპარლამენტო მანდატებზე უარს განაცხადეს.
ოპოზიცია ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ სცნობს.
“2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობისა და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.