პუტინის გეოპოლიტიკის მარცხის დასაწყისი – თურქეთში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს და „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვით იმუქრებიან
რუსული სააგენტო – fianz.ru ინფორმაციას ავრცელებს, რომ თურქეთმა რუსეთის ჯაშუშები დააკავა და „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვით იმუქრება. სააგენტო ამტკიცებს, რომ თურქეთის სპეცსამსახურებმა „ბოსფორუს გაზის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ხუთი სხვა თანამშრომელი დააკავეს. ეს კომპანია რუსული გაზის ყველაზე მსხვილ იმპორტიორს წარმოადგენს და 2018 წლამდე რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნოდა. დაკავებულები, რომლებიც კონფიდენციალურ ინფორმაციას უცხო ქვეყნის ენერგოკომპანიას აწვდიდნენ, სამხედრო და პოლიტიკურ შპიონაჟში არიან ეჭვმიტანილები.
სააგენტომ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ერთ-ერთი დაკავებულის სახელი და გვარიც გაასაჯაროვა. ის ემელ ოზთურქია, რომელსაც, გამოძიების თანახმად, 2020 წლის აპრილიდან უცხო ქვეყნის ენერგოკომპანიის სამ წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა და თურქეთის მიერ შესყიდული გაზის კონკრეტულ რაოდენობასა და საფასურთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულ ინფორმაციას აწვდიდა. როგორც ამბობენ, მისი ქმედებებით გამოწვეული ზარალი მილიარდობით დოლარს შეადგენს.
რუსი ჯაშუშების დაკავება თუ ქვეყნიდან გაძევება უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.
მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში მომხდარ ფაქტებს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ 24 იანვარს ბულგარეთმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. 5 ივნისს რუსი დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ჩეხეთმაც მოსთხოვა. პრეზიდენტ ბაბიჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში საწამლავ „რიცინის“ შეტანის ისტორიასთან იყო დაკავშირებული. როგორც ამბობდნენ, ამ ნივთიერებით ანტირუსული განწყობების მქონე პრაღის მერის მოწამვლა იყო ჩაფიქრებული. 8 აგვისტოს სლოვაკეთმა შპიონაჟის გამო ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევა. 19 აგვისტოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. საინტერესოა, რომ მანამდე ოსლოში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ნორვეგიის მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, დაკავებული რესტორანში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს შეხვდა და ნორვეგიის ფუნდამენტური ინტერესების დამაზიანებელი ინფორმაცია გადასცა. ის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც განახლებადი ენერგიის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მსოფლიოში უმსხვილესი ტექნიკური კონსულტანტია. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, საქმე ინდუსტრიულ ჯაშუშობას ეხებოდა. ნორვეგიის შემდეგ, რამდენიმე დღეში რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება ავსტრიამაც მოსთხოვა.
ჯაშუშების სკანდალის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 2021 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ვადა იწურება და მისი გაგრძელების ალბათობა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების, ისევე როგორც სირიასა და ლიბიაში ანკარა მოსკოვის დაპირისპირების პირობებში, ისედაც ეჭვქვეშ დგას.
უფრო მეტიც, ამ ზაფხულს თურქეთმა თითქმის სრულად თქვა უარი რუსულ გაზზე. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები ჯაშუშებთან დაკავშირებული ახალი სკანდალის ფონზე და დაკარგავს თუ არა ოფიციალური მოსკოვი თურქეთზე ენერგეტიკულ გავლენას სრულად. ექსპერტები ფიქრობენ, რომ „გაზპრომს“ უკან დახევა მოუწევს და შესაძლებელია, სამხრეთ ევროპაში ამ კომპანიის ოპერირება მინიმუმამდე დავიდეს, რაც პუტინის დიპლომატიისა და გეოპოლიტიკის უდიდესი მარცხი იქნება.
ნანა სართანია