“სამართლიანი არჩევნები”: საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა კომისიის წევრების მცდელობები, არ მიეცათ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები.
“ამ დროისთვის, სამართლიანი არჩევნები წარმოგიდგენთ ხმის დათვლის პროცესის შეფასებას და არჩევნების დღის საბოლოო შედეგებს. “სამართლიანი არჩევნების” პივიტი მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
მიუხედავად, იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, პივიტი ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, ამდენად, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.
მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.
სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56.7% შეადგინა, +-0.6%-იანი სანდოობის ინტერვალით. რაც მსგავსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლისა,“ – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.