მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. უცნობია რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა.
შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, სპეცტექნიკა და პოლიციელთა გადაადგილება პრევენციული ღონისძიებაა.
“ჩვენ გუშინ, არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის – არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, თავისუფალ, ასევე, უსაფრთხო გარემოში.
ამ ამოცანისთვის, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ეხება გადაადგილება, რაც იყო.
რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს გადაადგილებები, სადაც დაგვჭირდება, რომელ ლოკაციაზეც, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება, იქ მოხდება და ამის შესახებაც დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.