ალექსანდრე ხვთისიაშვილი: უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ მზად ვიყავით სადამკვირვებლო დელეგაციების მისაღებად, თუმცა უკრაინულმა ავიაკომპანიამ დაგეგმილი ჩარტერული რეისი გააუქმა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, დღეს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ უკრაინული “რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა.
მისი თქმით, გვიან ღამით უკრაინულმა ავიაკომპანიამ დაგეგმილ ჩარტერულ რეისზე განაცხადი გააუქმა.
“ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უკრაინულმა მხარემ შეგვატყობინა გუშინ საღამოს, 6 საათზე და მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება შემოვიდა პრაქტიკულად ბოლო მომენტში, ჩვენი მხრიდან უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ ქართული მხარე მზად არის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციების მისაღებად დადგენილი პროცედურების შესაბამისად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი უკვე ჩამოსული იყო საქართველოში. დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, რომ გვიან ღამით უკრაინულმა ავიაკომპანიამ გააუქმა დაგეგმილ ჩარტერულ რეისზე განაცხადი” – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.