მძიმე ბრძოლები შუშასთან – აზერბაიჯანის არმია ყარაბაღის სტრატეგიულ ცენტრსა და სიმბოლოს მიუახლოვდა

გუშინ, საღამოს საათებში სტრატეგიული ვითარება ყარაბაღის ფრონტზე მკვეთრად შეიცვალა. მაშინ, როცა სომხური სამხედრო ფორმირებების მთავარი ყურადღება ლაჩინის დერეფნისა და წითელი ბაზრის მიმართულებებზე იყო კონცენტრირებული, აზერბაიჯანის არმიამ სამხრეთიდან მოულოდნელი იერიში წამოიწყო და როგორც სომხებისთვის, ასევე აზერბაიჯანელებისთვის საკრალური მნიშვნელობის ქალაქ შუშას 5 კილომეტრით მიუახლოვდა.
გუშინ, გვიან ღამით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ ყველას სომეხს ქალაქის დაცვისკენ მოუწოდა.
„ახლა ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს არსებობას. ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ, დაიპყრონ ციხე-ქალაქი. მტერი შუშასაგან 5 კმ-ზე მეტად არ არის დაშორებული”, – განაცხადა არაიკ არუთუნიანმა.

ფრონტზე არსებული მძიმე ვითარების კვალდაკვალ, იზრდება სომხეთის პრემიერისა და მისი მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვიც. როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ ნიკოლ ფაშინიანს სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ, დატოვოს პოსტი და ქვეყნის მართვა უფრო გამოცდილ პოლიტიკოსს გადააბაროს. მოქმედი პრემიერის გადადგომას ითხოვს ექსპრემიერი, ვაზგენ მანუკიანი. რუსეთში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენების სახელით ღია წერილით მიმართა ფაშინიანს და გადადგომა მოსთხოვა სერგეი ამბარცუმიანმა. ფაშინიანის გადადგომას ითხოვს ცნობილი სომეხი ჟურნალისტი და ბლოგერი – კარენ ვართანესიანიც. მათი აზრით, ფაშინიანმა თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას და მისი არასწორი პოლიტიკის გამო სომხეთი და ყარაბაღი, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის პირისპირ.

ამასობაში, აზერბაიჯანის არმია მეთოდურად ანადგურებს ყარაბაღის ჯარის ხელმძღვანლობას. მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სარაკეტო იერიშს შეეწირა ყარაბაღში სომხური ფორმირებების სარდალი – ჯალალ არუთინიანი. 29 ოქტომბერს დაიღუპა სომხეთის პირველი არმიის მთავარსარდლის მოადგილე შეიარაღების საკითხებში – პოლკოვნიკი ვიქტორ არუსტამიანი. მაღალი რანგის ოფიცრების გარდა, იზრდება პირადი შემადგენლობის დანაკარგებიც. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა – haqqin.az წერს, აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა შეძლეს და გატეხეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა, სადაც მითითებულია, რომ ერთთვიან ბრძოლებში სომხეთმა მხოლოდ დაღუპულების სახით 6 ათას მებრძოლზე მეტი დაკარგა. როგორც აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, სომხეთს კვალიფიციური და ბრძოლისუნარიანი მებრძოლების დეფიციტი აქვს და დანაკლისის შევსებას რეზერვისტების, მათ შორის, ქალების ხარჯზე ცდილობს.

28 ოქტომბერს ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებისკენ სომხეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
„თუ სომხეთი დატოვებს ლაჩინს, აგდამსა და ქელბაჯარს, ჩვენ მზად ვართ, საკითხის პოლიტიკურ დარეგულირებაზე გადავიდეთ“, – განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანის არმიამ დღეს კიდევ ათი დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები