ლევან დავითაშვილი: სასურსათო უზრუნველყოფაში არ ყოფილა არანაირი წყვეტა და არც მომავალში იქნება

“პროცესს ვაკვირდებით ყოველდღიურად, ვაკვირდებით ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა, რაც არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალში”,-ამის შესხებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში, ფასის საკითხი აქტუალურია, რადგან, მსოფლიოში, შემოდგომის პერიოდში, პირველად სასურსათო პროდუქციაზე გარკვეულმა ინფლაციურმა ტალღამ გადაიარა. შემდეგი სეზონის საპროგნოზო მონაცემებზე ბევრი სპეკულაციაა. ეს არ ხდება მხოლოდ 2020 წელს, თუმცა, ამ თემას კოვიდის პირობებში უფრო მეტი ყურადღება ექცევა. მიუხედავად რამდენიმე ქვეყანაში გვალვის გამო მოსავლის შემცირებისა, რაოდენობა დააკომპენსირა სხვა ქვეყანებში მოსავლის რაოდენობამ და საერთო ნაშთები რომ ვნახოთ, მსოფლიოში ხორბლის რაოდენობა არ გამოიყურება კრიტიკულად. ჩვენს რეგიონში, ევრაზიაში გამოჩნდა ისეთი მოთამაშე, როგორიც ავსტრალიაა. ავსტრალია აზიის ქვეყნებისთვის არ იყო ხორბლის სტაბილური მიმწოდებელი. თუმცა, მან შეძლო ბაზარზე შემოსვლა და რუსულ ხორბალზე მოთხოვნის დაკომპენსირება. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით ყოველდღიურად, ვაკვირდებით ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა, რაც არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამხელა აჟიოტაჟია მიკვირს, რადგან ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია პროცესის მართვა. კრიტიკულ სიტუაციაში პროცესებს ვმართავთ ისე, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს.
ჩვენ გაზაფხულზე გავაკეთეთ იმპორტის წახალისება, გამომდინარე იქედან, რომ არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტის კვოტირებას, ლიმიტირებას და ასევე, სხვადასხვა ტიპის ბარიერის შემოღებას, რასაც შესაძლოა გამოეწვია წყვეტა მიწოდებაში. ახლა ასეთი მოლოდინები არ გვაქვს, წინაპირობები არ არსებობს ბაზარზე და, შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას არ ვგეგმავთ. ვაკვირდებით ხორბალს; ხორბალია საფუძველი და არა ფქვილი, რადგან საქართველოს აქვს ძალიან დიდი სიმძლავრე, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი სიმძლავრე, რომ აწარმოოს ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, აქცენტი კეთდება ხორბალზე, რათა ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს პურპროდუქტებით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები