გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობის“ პლატფორმიდან საუბრით არასამთავრობო ორგანიზაციები არამხოლოდ მცდარ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, არამედ დაძაბულობა შემოაქვთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებში სერიოზულ და მნიშვნელოვან ზარალს წარმოშობს.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმიდან საუბრით, არასამთავრობო ორგანიზაციები არა მხოლოდ მცდარ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, არამედ საზოგადოებაში დაძაბულობის ახალი კომპონენტი შემოაქვთ.

„საარჩევნო პერიოდში გარკვეულ თემებზე იმდენი პოლიტიკური განცხადება აქვთ გაკეთებული, რაც პირდაპირ აფილირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციასთან. არ შეიძლება, მათ პოზიციებს გავლენა ჰქონდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მთელ რიგ მოხსენებებში შეტანილია არასამთავრობო ორგანიზაციების პასაჟები, რომელიც ეყრდნობა არა კონკრეტულ ფაქტს, არამედ ზოგადად, საზოგადოებაში მოარულ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე. როცა ეს მოხსენებებში ხვდება, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ინტერპრეტაციას აძლევს და დაძაბულობის ახალი ელემენტები შემოაქვთ ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციების შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსნებები კარგად შესწავლილი უნდა იყოს და არის შენიშვნებიც, რომელიც უფრო ღრმად უნდა გაანალიზდეს, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს – სერიოზული და მნიშვნელოვანი ზარალი, რომელსაც წარმოშობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებში. ზარალი გამოიხატება საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობაში დასავლეთის მიმართ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციის ასოცირება ხდება დასავლურ ორგანიზაციებთან, რაც ძირშივე არასწორია, რადგან ჩვენსა და დასავლეთს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა. „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმიდან საუბრით, არასამთავრობო ორგანიზაციები არა მხოლოდ მცდარ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, არამედ საზოგადოებაში დაძაბულობის ახალი კომპონენტი შემოაქვთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული სქემა წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 129 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები