ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს, იაქტიურონ და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება
ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
“დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დარეკეთ ტელეფონის ნომერზე – 2-51-00-51 (0) და მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. ზარების მიღება ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დააფიქსირონ თავიანთი მოთხოვნა. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.
ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გახანგრძლივებულიყო მომართვის ვადა სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით დასარეგისტრირებლად როგორც საარჩევნო სუბიექტებისთვის, ისე – ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს როგორც თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ისე – არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მოგვმართონ და გაიარონ შესაბამისი პროცედურები”, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ