გია ვოლსკი: სახელმწიფო ვალდებულია, გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს, გაყალბების საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს

“ცესკო-მ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის ადამიანები დაფიქსირდნენ, რომლებსაც არ შეუძლიათ, საარჩევნო უბანზე მივიდნენ და ხმა მისცენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს და გაყალბების საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს.

“ცესკო-მ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის ადამიანები დაფიქსირდნენ, ვისაც არ შეუძლია, საარჩევნო უბანზე მივიდეს და ხმა მისცეს. რასაკვირველია, გადასატანი ყუთით მისასვლელი ადგილები გაიზრდება, მაგრამ გადასატანი ყუთი ერთ კონკრეტულ პარტიას არ დააქვს, წარმომადგენლობითი გუნდი უნდა იყოს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მოქალაქეებს საშუალება  მისცენ, შეასრულონ საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობა. 29, 30 თუ 31 ოქტომბერს დაფიქსირებულ მოქალაქეს, შესაძლოა, ასეთი საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არის დღევანდელი მოცემულობა, უბედურების გარკვეულ ფონზე მიმდინარეობს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესი, არა მარტო საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში. ან რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას, რომ არჩევნები გააყალბოს? აშკარაა, ვინ ითხოვს არჩევნების გადადებასა და რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას.

სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს და გადასატანი ყუთი იქნება თუ კომისია იქნება ადგილებზე საარჩევნო ყუთებთან, ის იქნება მრავალპარტიული. არავითარი საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ არათუ გააყალბოს, არამედ ეჭვი შეიტანოს არჩევნების გამჭვირვალეობასა და სამართლიანობაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები