დავით ზალკალიანი: საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც ეს „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე 2012 წლიდან დღემდე საქართველო-აშშ-ს პარტნიორობასა და 8 წლის მანძილზე ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში.

„ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში განვითარდეს მშვიდობა და ამაში გვეხმარებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზე არის საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. არასდროს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ხელშესახები შედეგი ამერიკასთან ჩვენ არ გვქონია. შარშან მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელი მოიცვა. ეს დეკლარაცია არის ყოვლისმომცველი. ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული აღმშენებლობის, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ალიანსი, არამედ არის საერთო ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებით ჩამოყალიბებული კავშირი,” – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ განამტკიცა სტრატეგიული პარტნიორის ნდობა და გააძლიერა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აშშ-ს მხრიდან მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც გამოიხატა აშშ-ს საბიუჯეტო კანონში მნიშვნელოვანი ჩანაწერით და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, ვინც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას.

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სარგებლობს აშშ-ს კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და რომ პირველად სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში კონგრესში ინიცირებული იქნა და წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი” თავისი შინაარსითა და ფორმით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც პირველი ცალკე მდგომი საკანონმდებლო აქტია საქართველოს შესახებ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერებასა და წარმატებით მიმდინარე, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ გამოყოფილმა დახმარებამ 132 მილიონი აშშ შეადგინა და შესაბამისად, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ბოლო ოთხ წელიწადში 50 მილიონით გაზარდა საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსება, აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.

დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის კუთხით სამომავლო გეგზმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„მომავალში მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით: ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული ყველა ძირითადი მიმართულებით; კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ სამართლებრივ ჩარჩო-ინსტრუმენტში გაღრმავდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით; მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისათვის, რომ აშშ-სთან სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები ავიყვანოთ ისეთ უმაღლეს ნიშნულამდე, როგორიც დღეს არის პოლიტიკური და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ამ მიზნით აქტიურად ვიმუშავებთ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების კუთხით. ჩვენ შევინარჩუნებთ ამერიკის კონგრესში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და მათ შორის ვიმუშავებთ იმაზე რომ კონგრესში საბოლოოდ დამტკიცდეს „საქართველოს მხარდამჭერი აქტი”,” – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები