ფოთში ფონდი “ქართუ”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ახორციელებს

ქალაქ ფოთში აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სამუშაოები, რომელსაც ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობასა და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2, 8 მლნ ლარია. სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება, სადაც მხატვართა სახლი განთავსდება.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის კუთხითაც. ორივე შენობა სრულად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული იქნება. ეზოც ძალიან ლამაზი გამოვა. სამწუხაროდ, ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მსგავს შენობებს შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ ისე, რომ ის ყველაზე ძვირფასი და ლამაზი იყოს“, – განაცხადა ფოთის მერმა.
შენობა, სადაც მხატვართა სახლი განთავსდება ულამაზესს, მოდერნის სტილში შესრულებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. იგი წითელი აგურით არის ნაშენი და გამოყენებულია კირქვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდიდარია სხვადასხვა არქიტექტურული დეტალით, კონფიგურაციებითა და მხატვრული ელემენტებით. შენობის არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია და ის ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა.
სამხატვრო სკოლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა. მისი ავტორიც გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები