ანზორ ჩუბინიძე – გოგოლაძე-გვარამიას ინტერვიუზე: ეს საქციელი არის მთლიანად ფსკერზე დაცემა, გაუგებარია, რამ მიიყვანა ელდარ გოგოლაძე ამ მდგომარეობამდე

“გაუგებარია, რამ აიძულა და რამ მიიყვანა ელდარ გოგოლაძე ამ მდგომარეობამდე – ის, რაც მე ვიხილე ,,მთავარ არხზე”,  იყო სრული შოკი”, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

ჩუბინიძის თქმით, ელდარ გოგოლაძე,,კაგებეს” საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელია.

,,გოგოლაძეს ჰქონდა საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იგი განიცდიდა ძალიან ვუდროფის გამოძიების ხელახლა დაწყებას. ეს უკვე არის მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, განიცდიდა, რადგან თვითონ იყო თანამონაწილე ამ პროცესის. ელდარ გოგოლაძე მე ვიცი, რომ არის საბჭოთა კავშირის დროინდელი, ,,კაგებეს” საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი და მისი ეს მდგომარეობა იყო სიმულაცია თუ რეალური სიმართლე, დღემდე ჩემთვის ბურუსითაა მოცული”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ჩუბინიძე იხსენებს 2004 წლის დასაწყისს, როცა გოგოლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და, როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილმა ის სოლიდური კომპენსაციით, მიწის ნაკვეთითა და ზედ აშენებული ფეშენებელური სახლით გაისტუმრა. იქამდე კი იყო მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა და შეცდომებით სავსე პროფესიული საქმიანობა.

,,ის, რაც მე ვიხილე ,,მთავარ არხზე”, ეს იყო სრული შოკი. ის პროფესია, რასაც დაცვის უფროსი ჰქვია, ჩემთვის სავსეა მორალური პასუხისმგებლობებით. მე რაც ვნახე, საერთოდ დაცლილი იყო ამ მორალისგან. ყველა ის ადამიანი, ვისაც უმუშავია უსაფრთხოების დაცვის უფროსად და პირადი დაცვის უფროსად, ეს საქციელი არის მთლიანად ფსკერზე დაცემა და ამორალური საქციელი. როგორც მაშინ გაუგებარი იყო ჩემთვის მისი მდგომარეობა, ახლაც გაუგებარია რამ აიძულა და რამ მიიყვანა ელდარ გოგოლაძე, პროფესიონალი აი ამ მდგომარეობამდე”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ინტერვიუ ჩაწერა, ,,ქართუ ჯგუფის” დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან. გოგოლაძე სამსახურიდან 2004 წელს გაუშვეს.

ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსი – ელდარ გოგოლაძე დაკავშირებულია 1993 წელს საქართველოში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ჯაშუშის ფრედი ვუდროფის დღემდე გაუხსნელ მკვლელობასთან. გამოძიების თანახმად, ვუდროფი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა, მისი ოჯახის ადვოკატის მიერ ახლადგამოცემული წიგნი ამბობს, ადამიანი, ვინც ვუდროფის მკვლელობისთვის გაასამართლეს, უდანაშაულოა, მკვლელობის უკან კი რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები