„ერისიონის“ კონცერტი ფოლკლორის ცენტრის პირდაპირ ეთერში

 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზი ანსამბლ  „ერისიონს“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განაახლა პროექტი – „ხალხური საღამოები“.
12 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე, ყოველ ორშაბათს, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ანსამბლები სოლო კონცერტებს გამართავენ ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდის პირდაპირ ეთერში.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. ანსამბლმა მესამე საუკუნეში შეაბიჯა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როგორც ჩვენში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას ანსამბლ-მუზეუმსაც კი უწოდებენ.
ანსამბლში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ქართული კულტურის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები, რომელთაც  შემდგომში დიდი სამსახური გაუწიეს  ქართულ კულტურას: ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, ძმები ბალანჩივაძეები, კავსაძეების მთელი დინასტია, კირილე პაჭკორია, ბიჭიკო გველესიანი, ჯანო ბაგრატიონი, ბუხუტი დარახველიძე, შალვა მშველიძე, დავით ჯავრიშვილი და სხვები.
135 – წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.
კონცერტის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე: ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები