ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.
მათ სამმართველოსთან სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა დახვდათ. უწყებაში შეხვედრა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმას და თავდამსხმელის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი რამდენიმე დღის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.
ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები