სიღნაღის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს.
კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ტენდერი ქალაქი სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.
წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,3 მილიონ ლარზე მეტია.
“ამ ეტაპზე, სიღნაღის მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 10 საათით მიეწოდება. წყლის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საქლორატორო, წყალმომარაგების ქსელი, მილდენი, აშენდება რეზერვუარი, გამრიცხველიანდება დარჩენილი მოსახლეობა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის 4 000-მდე მაცხოვრებელს პრობლემა მოუგვარდება და წყალს უწყვეტად მიიღებს.
2020 წლის დასაწყისში დასრულდა ქალაქ სიღნაღში „ნასომხარის“ წყლის სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი რამდენიმე საათით გაუუმჯობესდა.
2016-2019 წლებში ჩატარდა ქალაქ სიღნაღის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია, მოეწყო პოლიეთილენის მილდენები, ქუჩების ნაწილი გამრიცხველიანდა”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.