ქართველი „ბენკსის“ – „გაგოშას” ნამუშევრს ათენის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე შეხვდებით

„სტრიტ არტი” დღესდღეობით თავისი პოპულარობის ზენიტშია და მსოფლიოს არაერთი ქალაქის იერსახეს ბევრწილად განსაზღვრავს კიდეც. ნიუ-იორკი, პარიზი და ლონდონი ამ მხრივ უდავოდ ლიდერობენ, მაგრამ მათ ტოლს არც სხვა ქალაქები უდებენ. ამ დღეებში ათენში მომიწია ყოფნამ და ამ უძველესი და მაგიური ქალაქის ყველაზე ისტორიულ ადგილზე, დიონისე არეოპაგელის ქუჩაზე, რომელიც აკროპოლის ძირში მდებარეობს და ყველაზე ხალხმრავალი ადგილია, მოულოდნელად ღობის კედელზე ქართველი ქუჩის მხატვრის Gagosh-ას, იგივე გიორგი გაგოშიძის ნამუშევარი აღმოვაჩინე. ამ უცაბედმა შეხვედრამ სასიამოვნოდ გამაკვირვა და სიამაყეც მაგრძნობინა, რომ მარადიულ ქალაქში ქართული ნიჭიერების კვალს გადავაწყდი.
მახსოვს, შარშან ზაფხულს პირველად თბილისის ქუჩებში მიიქცია ჩემი ყურადღება ამ მხატვრის პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკაზე შექმნილმა სურათებმა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფიროსმანისა და ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის” გავლენით შესრულებული არტე-ფაქტები, ასევე ყოჩივარდების გამყიდველი ბერიკაცი ძველთბილისური აგურის კედელზე.
სხვა მხატვრთა ნამუშევრებიც ბლომად შემხვდა შარშან თბილისის ქუჩებში, მაგრამ „გაგოშას” არტი ყველაზე ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ჟღერს. ერთი ამოსუნთქვით არის დაბადებული და ყოველთვის შეიცავს ძალზე ზუსტ და საგულისხმო გზავნილს თანამედროვე ადამიანის მისამართით.
ათენის ფრესკის გრაფიკა მინიმალურია, მაგრამ თავისი სათქმელით ფრიად ტევადი და ანგარიშგასაწევი. იგი გლობალურ ეკოლოგიაზე ფიქრით არის შთაგონებული. სიცოცხლის ხეს ახალგაზრდა კაცი ბენზინგასამართი სადგურის მილს უმარჯვებს და ბენზინით ურწყავს ფესვებს.
ერთი შეხედვით მარტივი და გულუბრყვილო კომპოზიციაა, მაგრამ ერთობ დამაფიქრებელი და უდიერების მამხილებელი, თუ როგორ შეუბრალებლად და უმოწყალოდ უსწორდება თანამედროვე ადამიანი ჩვენს სართო სახლს, დედამიწას. სწორედ აქედან, დედამიწის უძველესი ცივილიზაციის აკვნიდან, ამ მაგიური და მარადიული ქალაქის კარიბჭედან, განსაკუთრებით მძაფრად რეკავს ქართველი არტისტის ეს საგანგაშო გაფრთხილება.
როგორც ჩანს, ვინმე ჭკვიანმა და გემოვნებიანმა ათენელმა უმალ შენიშნა ქართველი მხატვრის გიორგი გაგოშიძის ათას კაცში გამოსარჩევი ნიჭიერება და მას შესაძლებლობა მისცა, ათენის ფორუმიდან, მილეთის ხალხის თანდასწრებით ისაუბროს ადამიანთა პასუხისმგებლობაზე მომავლის წინაშე.
ხარისხიან „სტრიტ არტზე” სულ უფრო იზრდება მოთხოვნა და მთელ რიგ ქალაქებში მათ საგანგებოდ ინახავენ და უფრთხილდებიან. თბილისში ძალიან მოსწონთ და კარგად აცნობიერებენ გიორგი გაგოშიძის, იგივე Gagosh-ას ნამუშევრების ღირებულებას და იმედია, აწ უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანის ნამუშევრებს მეტი გულისყურით მოეკიდებიან, დაიცავენ ავი ხელისგან და მოსაფრთხილებელი ნიმუშების ნუსხაში შეიყვანენ.
რაც შეეხება „გაგოშას”, ჩემი აზრით, დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი და იმედისმომცემი მხატვარია საქართველოში, რომლის მსგავს გულწრფელობასა და აზრის სისხარტეს იშვიათად თუ იპოვით თბილისის გალერეებსა თუ საგამოფენო დარბაზებში. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით თბილისური „სტრიტ არტი” მოწინავეობს და იგი თავისი სასიცოცხლო ენერგიითა და კრეატიული სითამამით აღემატება კიდეც დაზგურ მხტვრობას.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები