ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა კოვიდ19-თან ბრძოლაში დახმარების თხოვნით რუსეთს მიმართავს.
კერძოდ, ე.წ. მთავრობა რუსეთის თავდაცვის უწყებას ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო-საველე ჰოსპიტლის გაშლას სთხოვს, სადაც 150 საწოლი და პროფილური სპეციალისტები იქნებიან.
როგორც ბიბილოვის ე.წ. პრესმდივანმა, დინა გასიევამ განაცხადა, სერგეი შოიგუსადმი გაგზავნილ წერილში ე.წ. რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებაზეა საუბარი.
გარდა ამისა, მარიონეტული რეჟიმი ტესტების ჩატარების მიზნით სამხედრო ბიოლაბორატორიის გამოყოფასაც ითხოვს, ასევე, მოხდეს სამხედრო ნაწილებსა და სოციალურ ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის კიდევ 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან 362, ხოლო რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ 272 დადასტურებული შემთხვევაა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა.