გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი: ზუგდიდელი თავდამსხმელი აფხაზეთის საზღვარს ვერ გადაკვეთს
გალის რაიონის ე.წ.ხელმძღვანელი, კონსტანტინე ფილია აცხადებს, რომ ზუგდიდელი თავდამსხმელი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ მოხვდება.
ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.
“ბოროტმოქმედი, რომელმაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” მძევლები აიყვანა, აფხაზეთის საზღვარს ვერ გადაკვეთს”, – თქვა ფილიამ.
მანამდე, განცხადება ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც გაკეთდა, სადაც აღნიშნეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი მათ ე.წ. ტერიტორიაზე მოხვდა.
“რუსეთთან ერთობლივად სასაზღვრო ზონის პერიმეტრზე ყველა საჭირო ზომა გატარდება, რომ დამნაშავემ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ შეძლოს”, – თქვა ე.წ. უწყების ხელმძღვანელმა, რუსტან ლატიპოვმა.