ბიზნესმენი ნოდარ მელაძეს პასუხობს და ცილისწამებაში ადანაშაულებს

ბიზნესმენმა, შალვა სიხარულიძემ „TV პირველის” გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტი გაავრცელ, სადაც დეტალურად პასუხობს ტელეკომპანიის ეთერში გასულ ყველა ბრალდებას, რაც ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს პაციენტების ბიომასალების გაყიდვის პროცესში სავარაუდო კორუფციას უკავშირდება. პოსტში შალვა სიხარულიძემ ახსნა შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხები და ყველა ბრალდება სრულად უარყო.

სიუჟეტში, რომელიც გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” 2020 წლის 17 ოქტომბერს გავიდა, პირდაპირი მინიშნება იყო იმ გარემოებაზე, რომ კომპანია „ისთერნ რისერჩ სოლუშენის” წილის მფლობელი, შალვა სიხარულიძე ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილის, ნინო ბერძულის მეუღლე იყო. ამაზე შალვა სიხარულიძე წერს, რომ 2018 წელს, როცა აღნიშნული საჯარო შესყიდვა (აუქციონის წესით) შედგა, მაშინ მისი მეუღლე აღარ იყო საჯარო მოხელე, რაც სიუჟეტში არ ჩანდა. ამასთან, შალვა სიხარულიძის განმარტებით, შესყიდვა საჯარო და ღია პროცესი იყო, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა და კორუფციულ გარიგებაზე აქ საუბარი ვერ იქნებოდა.

სიუჟეტში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტების გამოყენებული ბიომასალები მათი ნებართვის გარეშე გაიყიდა, რაზეც შალვა სიხარულიძე ასევე წერს, რომ იმდენად რამდენადაც ბიოლოგიური მასალა დეიდენტიფიცირებული და არქივული იყო, კომპანიას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, მოიპოვოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა. შესაბამისად, ეს ბრალდებაც გაზვიადებული და უსაფუძვლო იყო. სიუჟეტში ნახსენები იყო ასევე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გამოძიებაზე, ბიზნესმენი ამავე პოსტში განმარტავს, რომ აუქციონის დასრულების შემდეგ კომპანიას დაუკავშირდნენ საგამოძიებო სამსახურიდან კონკრეტული შეკითხვებით თუ რა ტიპის ბიოლოგიური მასალის შესყიდვა მოხდა და რა ფასად, მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია და სხვა შეკითხვები შესაბამისი სამსახურიდან აღარ ყოფილა. ჩვენმა რედაქციამაც გადაამოწმა ეს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

შალვა სიხარულიძე პოსტის ბოლოს ასკვნის, რომ ვინაიდან “TV პირველის” გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათიდან” მას არავინ დაკავშირებია და არ მოუთხოვია პასუხების მიღება, ეს არის მისი ოჯახისა და მისი საქმიანობის რეპუტაციისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენების მცდელობა ტელეკომპანიისა და გადაცემის მესვეურების მხრიდან.
გთავაზობთ შალვა სიხარულიძის “ფეისბუქპოსტის” ბმულს:

ბიზნესი, ტვპირველი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები