ომბუდსმენი მთავრობას ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსახლეობისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები ნათელი არ არის.

ომბუდსმენი საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობისა და დროული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.

“აშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებასა და კონსულტაციას.

შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში:

• მოსახლეობას განუმარტონ, კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმითა და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება.

• გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანლოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები