19 ოქტომბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის დაბადების დღეა

19 ოქტომბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ეფრემ II-ის დაბადების დღეა. მას 124 წელი შეუსრულდებოდა.
გრიგოლ სიდამონიძე დაიბადა 1896 წლის 19 ოქტომბერს, გორის მაზრის სოფ. დოესში მედავითნის, შიო სიდამონიძის ოჯახში. 1904-1912 წლებში გრიგოლ სიდამონიძე სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ,  სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიაში.
1917 წლის 12 (25) მარტსმცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რომლის ოქმზეც, ეკლესიის მაღალ იერარქიასა და სამღვდელო პირებთან ერთად ხელი მოაწერეს მამა-შვილმა, შიო და გრიგოლ სიდამონიძეებმა.
1918 წელს გრიგოლ სიდამონიძე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, სადაც მას ასწავლიდნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, აკაკი შანიძე, გრიგოლ წერეთელი.
1922 წლის 17 იანვარს, იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა ეფრემი.
1927 წლის 26 მარტს, შედგა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.
1927 წლის 17 ოქტომბრიდან მას ჩააბარეს ალავერდის ეპარქია. 1929 წლის 5 იანვარს, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, ეპისკოპოსი ეფრემი აიძულა, რომ დაეტოვებინა ეპარქია. წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, იგი დაინიშნა თბილისის წმ. ბარბარეს სახ. ტაძრის წინამძღვრად და დადგინდა ბოდბელ ეპისკოპოსად.
1937 წელს ათეისტურ-ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა და გადაასახლეს ციმბირში, სადაც უმძიმეს პირობებში 8 წელი დაჰყო. 1945 წელს ეპისკოპოსი ეფრემი დაბრუნდა სამშობლოში და დადგინდა ქუთათელ-გაენათელ მღვდელმთავრად.
კათოლიკოს-პატრიარე მელქისედეკ მესამის გარდაცვალების შემდეგ, 1960 წლის 19-20 თებერვალს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-10 საეკლესიო კრებამ, ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი – ეფრემი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მრავალი ღვაწლი დასდო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.  მისი უშუალო ღვაწლით დაარსდა მცხეთის სასულიერო სემინარია, სათანადო ყურადღება დაეთმო საეკლესიო გამომცემლობასა და მრავალი სხვა.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ეფრემ მეორე მიიცვალა 1972 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულზე. იგი დაიკრძალა 13 აპრილს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები