თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი-კონკურსი

18,20 ოქტომბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-8 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, 18 ოქტომბერს ქართული მუსიკის დაუვიწყარი კონცერტი შედგება. შესრულდება შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორების: სულხან ნასიძის, ვაჟა აზარაშვილის და კახა ცაბაძის ვოკალური ნაწარმოებები, რომელსაც შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე და საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა კახა ცაბაძის ნაწარმოები, რომელიც მიეძღვნა გიორგი გაგნიძეს. ასევე სულხან ნასიძის 6 ხალხური სიმღერა, დაწერილი დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის, ფესტივალისათვის არჩილ გიორგობიანმა გადააკეთა ხმისა და კამერული ორკესტრისათვის.
20 ოქტომბერს ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი და საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი. კონცერტზე შესრულდება სულხან ცინცაძის კვარტეტი და ანტონინ დვორჟაკის კვინტეტი.
შემდგომ ფესტივალი ბორჯომში გადაინაცვლებს. 21-26 ოქტომბერს, თ.ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, კონცერტები სასტუმრო Crowne Plaza-ს “ქართულ დარბაზში” გაგრძელდება. ამ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: ბექა გოჩიაშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, გიგი პიანომენი და თამარ ლიჩელი.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მერვე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია, ბორჯომის გამგეობა.
ფესტივალის ყველა კონცერტის ნახვა შესაძლებელი იქნება „ლაივსტრიმის“ საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები