პრემიერი: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა – დღეს ესაა პატრიოტიზმი, უპასუხისმგებლო ქცევა კი, ქვეყნის განვითარების შეფერხებას ნიშნავს

“როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელია წარდგენაზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც პრემიერ – მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყველამ ერთად უნდა ააშენოს.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ქვეყნის წალენჯიხის და სამეგრელოს ხვალინდელ დღეზე საუბარი. დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ამ ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა ჩვენი მომავლისკენ, ჩვენი მომავალი კი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული წესებიდან, ჩვენი ქუჩის, ეზოს მოვლიდან, ასფალტირებული გზებიდან, ნორმალური სკოლებიდან,”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც წარმატებით გავაგრძელებთ.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურაში, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში 20 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„2021 წლიდან, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი, რომლითაც ჩვენ ზუსტად ვიცით, სად, რამდენი და რა პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ძირითადად მიმართული იქნება გაზიფიცირების, წყალმომარაგების, წყალარინების, სკოლების რემონტის, გზების გაყვანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა მოსაწესრიგებელი რომ არაფერი ვთქვათ ჭალე-ფახულანის გზაზე, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით, წყალმომარაგების საკითხი ჯერ კიდევ ბევრ სოფელში პრობლემაა. ჯვარში კეთდება წყალმომარაგების პროექტი და ჯვრის 10 ათას მოსახლეს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, მაგრამ როგორც კი ამას მოვრჩებით, წყალარინების სისტემაა გასაკეთებელი. ეს ყველაფერი გეგმის სახით არსებობს. ადამიანები ვართ, ხან პანდემიაა, ხან ეკონომიკური კრიზისია და ყველს უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება დროში სადღაც პატარა შეფერხება იყოს, მაგრამ მთავარი მიზანი ამ ქვეყნის არის ის, რომ სხვაობა, თუ სად იზრდება ბავშვი და სად ცხოვრობს ჩვენი ღვაწლმოსილი ხანდაზმული და როგორ ვითარდება ადამიანი, არ უნდა იყოს თბილისს, წალენჯიხას, ფოთს, ზუგდიდს, ბათუმს თუ რუსთავს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ასე იქმნება წარმატებული ქვეყნები და სახელმწიფოები. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც გავაგრძელებთ წარმატებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბოლო 1 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და არც შეჩერდება,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიაზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო შეკრებისას უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა  ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და გავიკეთოთ პიბადე.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა გლობალურია და ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, რომ როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე, სამწუხაროდ,  შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს. მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხის, სამეგრელოს და  ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. დღეს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ასე წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ ისე, სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა – ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და ამ განვითარებაში არ იყოს არანაირი შეფერხება. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ,მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად. გამარჯვებას გისურვებთ!”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები