ნავალნის მოწამვლის გამო, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა – მომხდარს კრემლში უკვე უპასუხეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქციათა სიაში მოხვდა ექვსი ფიზიკური პირი და ერთი კომპანია: კერძოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი; რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილე, სერგეი კირიენკო; შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს უფროსი, ანდრეი იარინი; თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე – ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი; ასევე, ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, სერგეი მენიალო. სანქციათა სიაში ასევე მოხვდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.

ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პირებს კავშირი აქვთ ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობასთან, რომელიც 2020 წლის 20 აგვისტოს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ტოქსიკური ნერვული აგენტით მოწამლეს.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას კრემლში გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ გაცნობიერებული არამეგობრული ნაბიჯი.

“სამწუხაროდ, ეს რუსეთის მიმართ გაცნობიერებული არამეგობრული ნაბიჯია. ევროკავშირის საბჭომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობებს ზიანი მიაყენა”, – თქვა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისი თმით, რუსეთიო სანქციებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად უპასუხებს, “ცუდია, რომ ბრიუსელმა მოსკოვთან ურთიერთობა ნავალნის სიტუაციაზე დამოკიდებული გახადა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები