„აბსოლუტური ცდომილება“ – გამოფენა გაიხსნება
15 ოქტომბერს, 12:00 საათიდან, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება გამოფენა -„აბსოლუტური ცდომილება“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტმა თანამედროვე ხელოვნების გალერეის საკურატორო კონკურსში გიამარჯვა.
მონაწილე მხატვრები არიან: მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, ნიკო ცეცხლაძე, ილიკო ზაუტაშვილი .
იდეის ავტორი და კურატორია მაგდა გურული.
„აბსოლუტური ცდომილება“ ფიზიკასა და მათემატიკაში გამოყენებული ტერმინია, რომლითაც აღინიშნება ცდომილება ზუსტსა და სავარაუდო რაოდენობებს შორის. ეს არის ერთგვარი უზუსტობა გაზომვისას, რასაც ზოგჯერ აბსოლუტურ გაურკვევლობასაც ეძახიან. აბსოლუტური გაურკვევლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გახდა. „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული მრავალი ასპექტი, მკურნალობის მეთოდებიდან დაწყებული, გავრცელების გზებით დამთავრებული, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ანუ აბსოლუტურია ცდომილება „კოვიდის“ მკურნალობის ზუსტ და სავარაუდო მეთოდებს შორის.
ონლაინწყაროებში ვკითხულობთ, რომ „რეფლექსია „უკან მიბრუნებას“ ნიშნავს, ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერებას, ფიქრს საკუთარ „მე“- ზე, წარსულ მოვლენებზე. ეს არის „საუბარი საკუთარ თავთან“.
„აბსოლუტური ცდომილება“, როგორც სახელოვნებო პროექტის კონცეფცია, ექსტრემალურ პირობებში შინაგანი განცდების, ფიქრების და ახალი გამოცდილების ხელოვნების ენაზე თარგმნას, სხვა სიტყვებით, უჩვეულო მდგომარეობაზე მხატვრის შემოქმედებით რეფლექსიას გულისხმობს. არის თუ არა ექსტრემალური სიტუაცია ყოველთვის ნაყოფიერი ან საინტერესო შემოქმედებითად? როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ახალ რეალობას ჩვენთვის ცნობილი სოციო-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემების შესაძლო ცვლილების შემთხვევაში?
„აბსოლუტური ცდომილება“, დაუცველობის შეგრძნებით და შიშებით განპირობებული მდგომარეობის კვლევაა, რომელიც პიროვნების ჩვეული სოციალური დინამიკიდან გამოთიშვას, რამდენადმე გაურკვეველ მომავალს და საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩენას უკავშირდება, როდესაც ცხოვრების აქამდე უცნობი და დაფარული ასპექტები განსაკუთრებული ინტენსივობით ვლინდება და უჩვეულო გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც მთლიანად სოციუმს, ასევე მის თითოეულ წევრს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის ხანგრძლივობა: 15 ოქტომბერი- 30 ოქტომბერი, 2020;
მუზეუმის სამუშაო საათები: სამშაბათი – კვირა, 10:00-17:30.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, სიონის ქ. 8.
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის: https://bit.ly/2SOshvs