რა თქვა სასამართლოზე თამარ წულუკიძემ – რეპრესიების მსხვერპლი რეჟისორი და მისი ოჯახი

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გახლდათ თამარ გრიგოლის ასული წულუკიძე-ახმეტელი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, დიდი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მეუღლე.


დანაშაულის ხასიათი:

მონაწილეობდა ხელოვნების ხაზით ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ დაჯგუფებაში, ეწეოდა რუსთაველის თეატრის შესახებ მთავრობისა და პარტიის დადგენილებების დისკრედიტაციას. დაპატიმრებულია 28.01-1937 წ. საქ. სსრ შინსახკომის მიერ.

წინასწარი გამოძიებისას მისცა ჩვენება, რომ 1934 წელს გადაიბირა კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა, ა. ვ. ახმეტელმა და ხელოვნების ხაზით ეწეოდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას.

სასამართლოზე თ. გ. წულუკიძე-ახმეტელმა არ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ თვლის, მაგრამ არ იცის, რაში, და რომ მისი ჩვენებები წინასწარი გამოძიებისას დამახინჯებულადაა დაფიქსირებული და ამიტომ არ ადასტურებს.

1937 წლის 28 ივნისს რუსთაველის თეატრის რეჟისორს, ალექსანდრე ახმეტელს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით, ხოლო მსახიობ თამარ წულუკიძე-ახმეტელს  – ათწლიანი პატიმრობა.

სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 11.02-1956 წ. განწესებით, განაჩენი გაუქმებულია და საქმე № 4н-014545/55 შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

გადასახლებაში ყოფნისას თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა 16 წლის შვილი, სანდი (სანდიკო) ახმეტელი. უკან დაბრუნებულმა თამარ წულუკიძე-ახმეტელმა საქართველო დატოვა და ცხოვრების ბოლომდე ბელარუსში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები