ლუკაშენკოს ოპოზიციის მხრიდან წაყენებული ულტიმატუმის ვადა ეწურება
ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის წაყენებული, “სახალხო ულტიმატუმის” ამოწურვის ვადები დაასახელა.
როგორც მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, ლუკაშენკოს რეჟიმს 13-დღიანი ვადა დარჩა, რომ სამი სავალდებულო პირობა შეასრულოს: ლუკაშენკომ თანამდებობის დატოვებაზე განცხადება უნდა გააკეთოს; ქუჩებში ძალადობა მთლიანად უნდა შეწყდეს; ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული.
“თუ 25 ოქტომბრამდე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, მთელი ქვეყანა გავა ქუჩაში სახალხო ულტიმატუმით, 26 ოქტომბერს კი ყველა საწარმო გაიფიცება, მოხდება გზების ბლოკირება, სახელმწიფო მაღაზიებში გაყიდვები ჩავარდება. გაქვთ 13 დღე, რომ ეს პირობები შეასრულოთ. ჩვენ გვაქვს 13 დღე მომზადებისთვის და ამ ხნის განმავლობაში ბელორუსელები მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ. ბელორუსი რეჟიმზე მეტია. ბელორუსი რეჟიმზე ძლიერია. თუ ბრძანებას ელოდებით – აგერ გაქვთ ბრძანება! და მისი შესრულების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი”, – ნათქვამია განცხადებაში.