ამირან გამყრელიძე: ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში სკოლების მსგავსი მიდგომა იქნება, სადაც საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები წესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში სკოლების მსგავსი მიდგომა იქნება, სადაც საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.

მისი თქმით, ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ.

„ძლიერ „ლოკდაუნებს“ და მკაცრ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები, უფრო საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე. მაგალითად, როდესაც გვაქვს სკოლაში ინფიცირების შემთხვევა, არ იკეტება მთლიანად სკოლა, თუ საჭიროა, იკეტება კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა, ასევე მასწავლებელი გადადის თვითიზოლაციაში და შემდეგ 12 დღის განმავლობაში ხდება მათი დაკვირვება. ასე იქნება ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებით იმიტომ, რომ პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, რაც ნიშნავს ერთი მხრივ ჯანდაცვის სექტორის სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ ახალი შემთხვევები მართოს. მართვა უნდა იყოს ძირითადად პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მეორე მხრივ ნიშნავს ეკონომიკის გახსნას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას, თუმცა ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჯანდაცვის სექტორი აცხადებს. პირველ რიგში ესაა პირბადე. დიდ ქალაქებში, სადაც დიდი თავშეყრის ადგილები გვაქვს, რეკომენდირებულია, გარდა დახურული შენობებისა გარეთ, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ, ვატაროთ პირბადე. იმიტომ, რომ პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება პანდემიის პირობებში არ აღმოჩენილა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები