„სასცენო გარდასახვისთვის მოწოდებული“ – დღეს ეკატერინე ვაჩნაძეს 100 წელი შეუსრულდებოდა
11 ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს სახალხო არტისტს, ეკატერინე ვაჩნაძეს (1920-2012).
მისი სცენური მოღვაწეობა რუსთაველის თეატრს უკავშირდება, სადაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიღეს. ინსტიტუტში ის გიორგი ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით დაეულა სასცენო ხელოვნებას, იგი გახლდათ მისი პირველი რეჟისორიც სადიპლომო სპექტაკლში ბრუნშტეინის „ცისფერი და ვარდისფერი”. მაშინ ამ გახმაურებულ წარმოდგენას თვით აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე ესწრებონენ და ეკატერინე ვაჩნაძეს სწორედ მათ შესთავაზეს, პროფესიული კარიერა განეგრძო რუსთაველის თეატრის სცენაზე.
იგი 1943 წელს მიიღეს აკადემიურ თეატრში, სადაც მან სამ ათეულ წელიწადზე მეტი დაჰყო და ორმოცდაათამდე ხასიათი განასახიერა. განსაკუთრებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი შემდეგი სახეებით: კაროჟნა (დავით კლდიაშვილის მიხედვით შექმნილ სპექტაკლში „შემოდგომის აზნაურები”), სონა (გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯი”), ლარისა (პოლკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”), ვარა (ოთარ მამფორიას „მეტეხის ჩრდილში”, მაკრინე (მერაბ ელიოზიშვილის “ბებერი მეზურნეები”), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია”) კოკონა (კიტა ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა”), მანანა ორბელიანი (მიხეილ მრევლიშვილის „ბარათაშვილი, ბედი მგოსნისა”), სონა (გუგა ნახუცრიშვილის „ფიროსმანი”), თამარი (გენო ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი”), ფეფელა (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო”).
ის იყო სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი, სცენური დეტალებისა და ნიუანსების იშვიათი ოსტატი, რომელიც თავისი მიგნებებით აღაფრთოვანებდა როგორც მაყურებელთა ფართო აუდიტორიას, ასევე თავის სცენურ პარტნიორებს. მას მუშაობა უხდებოდა ისეთი რეჟისორების ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ: დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, აკაკი ვასაძე, გიგა ლორთქიფანიძე.
კარგია, რომ სატელევიზიო თეატრსაც შემორჩა ეკატერინე ვაჩნაძის ბავშვის მომვლელი ქალის როლი მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრ კურდღელში” (რეჟისორი თემურ ჩხეიძე), თუნდაც ამ ერთი, თითქმის უსიტყვო როლით ჩანს მისი მომნუსხველი ტალანტი, რომ იგი სასცენო გარდასახვისთვის იყო მოწოდებული.
არიან მსახიობები, რომლებიც თავიანთი ხელოვნებით ბრწყინავნ სცენაზე, მაგრამ ცხოვრებაში ორდინალურ ადამიანებად გვევლინებიან. აი, ეკატერინე ვაჩნაძე კი გამორჩეულად მკვეთრი და საკვირველი პიროვნება გახლდათ. ის უნიჭიერესი იყო ადამიანურ ურთიერთობებში. ამიტომ იყო, რომ მის მეგობართა შორის შეხვდებოდით ნებისმიერი პროფესიისა და თაობის ადამიანებს. მასთან შეხვედრები და საუბრები იყო ნამდვილი ადამიანური ბედნიერება, რომელიც სიცოცხლის ხალისსა და უანგარო სიკეთეს შთააგონებდა გარშემო მყოფთ. მას განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდები და შენატროდა მათ ყველა წარმატებას.
მისი და მერაბ გეგეჭკორის სტუმართმოყვარე ოჯახი ღამბაშიძის ქუჩაზე მუდამ იყო საინტერესო ადამიანების შეხვედრის ადგილი. ეს ტრადიცია გაგრძელდა მისი ვაჟის გურამის და რძლის, ქალბატონი ლალის მიერ.
ახლა ამ ისტორიულ სახლში ეკატერინე ვაჩნაძის შვილიშვილი – მერაბ გეგეჭკორი ცხოვრობს თავისი ოთხი ვაჟკაცით და სრულიად ფანტასტიკური მეუღლით. დღეს ქეთი ბახტაძე-გეგეჭკორი არის ამ სახელოვანი კერის მასპინძელი. თითქოს ფუძემ მოითხოვა, რომ ეკატერინე ვაჩნაძის შემდეგ სწორედ ასეთმა ღირსეულმა ქალბატონმა იტვირთოს ამ დიდებული ქართული ოჯახის მოვლა-პატრონობა….
ეკატერინე გახდათ ორი რჩეული გვარის, ვაჩნაძისა და ანდრონიკაშვილის ჩამომავალი. მას საოცარი დამოკიდებულება გააჩნდა თავისი სამშობლოს მიმართ და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა თავისი ცხოვრების უმთავრეს ჯილდოდ მიაჩნდა. ქალბატონმა ეკატერინემ ჩვენი ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ იგი ბედნიერი მიდის იმქვეყნად, რადგან შეუძლია თავის დიდ წინაპრებს ახაროს: საქართველო კვლავ თავისუფალია.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან