ისტორიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება ისტორიის მუზეუმში გაიმართება

11 ოქტომბერს, 15 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის ეზოში, DVV International-ის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო კონკურსის – „ისტორიის კონკურსი ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში“ – გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება თემაზე: „მიგრაცია – ცხოვრება ახალი ფურცლიდან“ (XIX-XXI საუკუნეებში).
დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან და გამარჯვებულებს დააჯილდოებენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის წარმომადგენლები – მარიამ ჩიქობავა და თეა ქარჩავა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანი.

„ისტორიის კონკურსი ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში “DVV International-ისა და კორბერის ფონდის (Körber Foundation) ერთობლივი პროექტია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ბელორუსიაში, მოლდავეთში, საქართველოსა და უკრაინაში. მისი მიზანია, აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიის კონკურსების მხარდაჭერა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან: ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის  ლაბორატორია (SovLab). პროექტის მხარდამჭერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს მწერალთა სახლი.

კონკურსში მონაწილეობს15-დან 18 წლამდე ასაკის 70-ზე მეტი მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან. ისინი იკვლევენ საკუთარი ბებია-ბაბუების, მშობლების, მეზობლების ან ოჯახის მეგობრების ისტორიებს. წარსულის აღმოჩენაში მათ ასევე ეხმარება ძველი ფოტოები, წერილები, სტატიები, ბიბლიოთეკები და არქივები.

2019-2020 წლების კონკურსის თემაა „მიგრაცია – ცხოვრება ახალი ფურცლიდან“.
(XIX-XXI საუკუნეებში).
საწყის ეტაპზე მოსამზადებელი ტრენინგები ჩაუტარდათ ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. მიუხედავად კორონა ვირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შეზღუდვებისა, მოსწავლეთა აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. ხაზგასასმელია აგრეთვე კონკურსის ნამუშევართა მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ზრდა.

წლევანდელი ისტორიის კონკურსის ჟიურის წევრები არიან: პროფ. ოლივერ რაისნერი (ილაუნი), პროფ. ლეილა ხუბაშვილი (თსუ), დოქტ. ამირან ჯამაგიძე (თსუ), ნათია კვიციანი (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი), რუსუდან კობახიძე (სოვლაბის მკვლევარი), ქეთევან სიხარულიძე (სოვლაბის მკვლევარი), დავით ჯიქია (DVV International-ის პროექტების კოორდინატორი), ირაკლი ირემაძე (თსუ-ს ასპირანტი).

მოსწავლეთა საკონკურსო ნაშრომები დაშტრიხულია, ამიტომაც კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური ანონიმურად გამოავლენს. ისტორიის კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. გარდა ამისა, პირველ 10 ადგილზე გასული კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები წიგნის სახით გამოიცემა, რომელიც პროექტის ფარგლებში მზადდება.
პროექტის მონაწილე 6 საუკეთესო ახალგაზრდა ოქტომბრის თვეში მონაწილეობას მიიღებს ბერლინის ისტორიის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც ამჯერად ონლაინფორმატში გაიმართება. პროექტის ბოლომდე დაგეგმილია ასევე პროექტში მონაწილე საუკეთესო ტუტორთა ონლაინშეხვედრა როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე, სადაც მათ შთაბეჭდილებების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალება მიეცემათ.

ამ კონკურისა და მნთლიანად პროექტის შესახებ მზადდება ვიდეოფილმი.

საერთაშორისო პროექტი „ისტორიის კონკურსი ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში“ წელს მეორედ იმართება. 2017-2018 წლების პირველი კონკურსის თემა იყო – “ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში”.

ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/HistoryCompetitionInGeorgia/

ვიდეოკადრები და ფოტოები იხილეთ აქ:
https://www.facebook.com/HistoryCompetitionInGeorgia/videos/

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. №3, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის ეზო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები