ირაკლი კობახიძე – ვენეციის კომისიის დასკვნაზე: მათ ავუხსენით, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ამთავრებდა, სხვა შანსი, რომ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდა
“ჩვენ ავუხსენით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ვენეციის კომისიას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამთავრებდა მუშაობას, სხვა შანსი, რომ ამ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდა. ამ კანონის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სადაც კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ბოლო მოსმენით დამტკიცდა.
„ჩვენც გამოვთქვით მწუხარება თავის დროზე იმის გამო, რომ არ ჩამოუსწრო საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნამ. ისინი საუბრობდნენ, რომ ერთ კვირაში შეეძლოთ დასკვნის მომზადება, თუმცა, საბოლოოდ, ვერ მოახერხეს. ავუხსენით პარტნიორებს, მათ შორის, ვენეციის კომისიას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამთავრებდა მუშაობას, სხვა შანსი, რომ ამ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდა. ამ კანონის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სათანადოდ გაგრძელდეს პროცესები სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ასახული ის პროგრესი, რომელიც განხორციელდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. სამი ფუნდამენტური რეკომენდაცია იყო და სამივე რეკომენდაცია სათანადოდ არის ასახული ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში“, -განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა, როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო, მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.