თორნიკე რიჟვაძე: ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება
“ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000-ზე მეტი ტესტი
,,ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება და, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს და, ჯამურად, აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, იცით, რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000-ზე მეტი ტესტი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24-საათიან რეჟიმს როგორც ტესტის აღების, ასევე – პასუხების მიწოდების მხრივ”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ ყოვლისა, განიხილება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.