Dailysabah: სამხრეთ კავკასიაში წესრიგისა და სტაბილურობის მნიშვნელობა სცილდება თვით რეგიონის საზღვრებს
სტატიის ავტორის, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების თანამედროვე სტრუქტურა ორმხრივი ურთიერთობებიდან უფრო კომპლექსურ, მრავალშრიან სისტემად გარდაიქმნა.
„აღსანიშნავია ამ ახალი “ცხელი ფაზის” მასშტაბი. სხვადასხვა წყაროს თანახმად, მსხვერპლთა რაოდენობა და მატერიალური ზარალი უზარმაზარია, 1990-იანი წლებიდან ყველაზე დიდი, ბრძოლას კი დასასრული არ უჩანს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების თანამედროვე სტრუქტურა ორმხრივი ურთიერთობებიდან უფრო კომპლექსურ, მრავალშრიან სისტემად გარდაიქმნა. ამ მრავალფეროვნების ფონზე, მრავალი მკვლევარისა და პოლიტიკოსის ხედვით, პოსტ-კორონავირუსის საერთაშორისო წესრიგის ახალ კონტურებთან ერთად, გარკვეული ისტორიული პარალელები იკვეთება. კავკასიური თავსატეხი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხობს.
სამხრეთ კავკასიის ხელისუფლების მოდელის გადაწყობის მხრივ საქართველოს ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღისა და მეზობელი რეგიონების ე.წ. “გაყინული კონფლიქტების” საკითხი გაანგარიშებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქების საგარეო პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. რაც ამ რთულ რეგიონულ წესრიგს კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებისადმი ინტერესის ნაკლებობაა, რასაც თან ახლავს ამგვარი ინტერესების არაადეკვატური გამოხატვა, ზოგ შემთხვევაში კი მათი არარსებობა. დაპირისპირების ეს უკანასკნელი ეპიზოდი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მსხვერპლთა რაოდენობა კი იზრდება”,- აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სამხრეთ კავკასიაში წესრიგისა და სტაბილურობის მნიშვნელობა სცილდება თვით რეგიონის საზღვრებს – კავკასიური მრავალფეროვნება უდავოდ ქმნის სისტემას ევრაზიის უსაფრთხოების დიდ სურათში.
ყიფიანის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლამ რთული მემკვიდრეობა დატოვა, რომლის გადალახვაც რეგიონის სამი ქვეყნიდან ვერცერთმა მოახერხა – სახელმწიფო ინსტიტუციები კვლავ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მათი არამდგრადობა სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას კიდევ უფრო დაუცველს ხდის.
„სამართლიანი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ლიდერმა განცხადება გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ და შუამავლობის სურვილიც გამოთქვა. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ საქართველომ, როგორც მეზობელმა ქვეყანამ, გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამშვიდობო პროცესს და დედაქალაქ თბილისში უმასპინძლოს ორ მხარეს შორის დიალოგს. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ზემოთ აღნიშნულის შეთავაზებისას, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისს ისტორიულად კარგი ურთიერთობა აქვს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან და რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნისა და ფართო რეგიონის განვითარებაში. საქართველოს შეთავაზებამ არც საერთო რეგიონული სურათი უგულებელყო, რადგან გახარიამ ისაუბრა საერთაშორისო მოთამაშეების როლზე რეგიონულ უსაფრთხოებაში და კონკრეტულად მოუწოდა მათ, “მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ესკალაციის დასრულებისა და დიალოგის განახლებისთვის”.
მის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ თბილისის ან სხვა სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალისხმევის შემთხვევაში, ამ მიზნის მისაღწევად, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა არსებული რეგიონული ინტერესის სპეციფიკა. სამხრეთ კავკასიაში წესრიგისა და სტაბილურობის მნიშვნელობა სცილდება თვით რეგიონის საზღვრებს: კავკასიური მრავალფეროვნება უდავოდ ქმნის სისტემას ევრაზიის უსაფრთხოების დიდ სურათში. საბჭოთა კავშირის დაშლამ რთული მემკვიდრეობა დატოვა, რომლის გადალახვაც რეგიონის სამი ქვეყნიდან ვერცერთმა მოახერხა. სახელმწიფო ინსტიტუციები კვლავ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მათი არამდგრადობა სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას კიდევ უფრო დაუცველს ხდის. შედეგად, კავკასია მსოფლიო ინტერესების რუკაზეა, ძლიერი რეგიონული მოთამაშეების გააქტიურება კი სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას კიდევ უფრო ართულებს”,- ნათქვამია სტატიაში.
როგორც ვიქტორ ყიფიანი აღნიშნავს, დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს ეთნო-გეოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების მზა რეცეპტი და ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მრავალი სტანდარტი მოძველდა და ჯერ კიდევ არ შეცვლილა ახალი და უფრო ეფექტური სისტემებით.
მისი თქმით, კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების მცდელობას ართულებს ისიც, რომ ყველა რეგიონი გამოირჩევა საკუთარი ეთნო-ფსიქოლოგიური წარმოშობით და ისტორიული და კულტურული მახასიათებლებით, სამხრეთ კავკასია ამ ფენომენის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს.
„ამას დაემატა გარკვეული ორაზროვნება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, განსაკუთრებით, კონკრეტული პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. დღესდღეობით, თანამედროვე წყაროებში, ასეთ ერებს მოიხსენიებენ როგორც “ბუფერულ სახელმწიფოებს”, “არავის მიწას”, ან იყენებენ სხვა ამორფულ ფრაზებს. რეგიონული თემები უდაოდ საინტერესო მასალაა კვლევისთვის, მაგრამ ამჯერად ადამიანის სიცოცხლე ეწირება გარკვეულ პოლიტიკურ ქმედებებს, რეგიონალური მშვიდობა კი სამომავლო პერსპექტივებისთვის გადაიდო. გარდა ამისა, საერთო რეგიონულ შეთანხმებებთან ერთად აუცილებელია კონკრეტული პასუხების მიღება ე.წ. “ეთნიკური” კონფლიქტების საკითხზე და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ აქ გამოვიყენეთ ტერმინი “ე.წ.”: რეგიონის სპეციფიკა და მიმდინარე პროცესებში ჩართული ქვეყნების ინტერესები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ამ კონფლიქტებს უფრო გეოპოლიტიკური კონფლიქტის ნიშნები აქვს, ვიდრე უბრალოდ ეთნიკური. შესაბამისად, მათი ეთნიკურ კატეგორიამდე დაყვანა ამ კონფლიქტების შესახებ ცოდნის ნაკლებობის ან მათი არსის განზრახ დამახინჯების მცდელობის შედეგია. მაგალითისთვის, ე.წ. “ქართულ-აფხაზური” და “ქართულ-ოსური” კონფლიქტების წარმოშობა დესტრუქციული პასუხია საქართველოს საგარეო და გეოპოლიტიკურ არჩევნებზე. დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს ეთნო-გეოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების მზა რეცეპტი. ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მრავალი სტანდარტი მოძველდა და ჯერ კიდევ არ შეცვლილა ახალი და უფრო ეფექტური სისტემებით.
კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების მცდელობას ართულებს ისიც, რომ ყველა რეგიონი გამოირჩევა საკუთარი ეთნო-ფსიქოლოგიური წარმოშობით და ისტორიული და კულტურული მახასიათებლებით. სამხრეთ კავკასია ამ ფენომენის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს. სწორი ინდივიდუალური მიდგომის არჩევისას აუცილებელია მისი თითოეული მონაწილის ადაპტირება და მათი სათანადო კოორდინაცია. ეს არის კოორდინაცია, რომელსაც გულისხმობს შუამავლობის შესახებ საქართველოს შეთავაზება. მისი სათავე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და შერიგებისადმი ტრადიციული და ისტორიული მხარდაჭერა, აგრეთვე მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული კონსტრუქტივიზმია და მიზნად ისახავს დაბრკოლებების გადალახვას. ამასობაში, ომი გრძელდება და ყოველ საათში უფრო და უფრო მეტ გარდაცვლილზე ვრცელდება ინფორმაცია.
დროა, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ შიდა რეგიონული დავების მოგვარებას. კავკასიით დაინტერესებული მხარეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი ძალისხმევა გამოიყენონ, რათა რეგიონი არა ომთან, კონფლიქტთან და არასტაბილურობასთან, არამედ მშვიდობასთან, ურთიერთგაგებასთან და განვითარებასთან ასოცირდებოდეს“, – წერს თურქული მედია.