ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განმარტა, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღოს.
„უნდა ჰქონდეს ამ დადგენილებით ნებადართულ საქმიანობებში არანაკლებ ორი წლის გამოცდილება, შეიძლება იყოს არარეზიდენტი, არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუმცა ამ არარეზიდენტს უნდა ჰქონდეს ორწლიანი საქმიანობის გამოცდილება. განაცხადი უნდა გააკეთონ შემოსავლების სამსახურში, განვიხილავთ და მთავრობა მიანიჭებს ამ სტატუსს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, დღეს დადგინდა თუ რა საქმიანობებს მოიცავს, რა შეზღუდვები და რა შეღავათები ექნებათ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს.
„ივლისში კანონით დადგინა საერთაშორისო საწარმოს ცნება და ჩვენ დღეს ამ დადგენილების პროექტით დამატებითად ვადგენთ, თუ რა საქმიანობებს მოიცავს, რა შეზღუდვები და რა შეღავათები აქვს კომპანიას. ეს არის ორი სფერო-აიტი საქმიანობის სფერო და საზღვაო საქმიანობის სერვისები. აიტი სფერო – დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემით, ნებისმიერი ციფრული პროდუქტის დამზადებით, მთელი რიგი ჩამონათვალია. რაც შეეხება საზღვაო სერვისებს, აქაც დიდი სიაა, მაგრამ ძირითადად, გამოვყოფ-გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა, ან შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით, ან საკვები პროდუქტებით მომარაგება, გემთმშენებლობის, გემების დოკირების და რემონტის კოორდინირება, ინსპექტირების ჩატარება დარგის მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად და ასე შემდეგ. ეს არის საქმიანობები, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა დაბეგვრის ამ რეჟიმისთვის დასაშვებად ცნობს. ეს არის ხუთპროცენტიანი მოგების გადასახადი და ამავე დროს, არის ხუთპროცენტიანი საშემოსავლო ნებისმიერ დაქირავებულ მუშაკზე. არის დამატებითად ხარჯების ნუსხა, რომლითაც შეუძლიათ, შეამცირონ მოგების გადასახადი. ორი ტიპის ხარჯთან არის საქმე. ერთი, ეს არის საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი, დაქირავებული პირისთვის გადახდილი ხელფასის ხარჯი, რომელიც სრულად შეუძლიათ გამოიქვითონ, ანუ სრულად შეამცირონ მოგების გადასახადი ამ ხარჯით და მეორე არის საერთაშორისო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში, სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო და საცდელ-საკონსულტაციო მომსახურების ხარჯები, ე.წ არენდი ხარჯები. ამით შეუძლიათ მოგების გადასახადი შეამცირონ,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.