მსოფლიო ბანკის ანგარიშის პროგნოზით, 2021-2022 წლებში ეკონომიკის გაურკვეველ და ეტაპობრივ აღდგენამდე საქართველოს ეკონომიკის ვარდნა წელს 6 პროცენტი იქნება

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის უახლესი გამოცემის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება 2021 წლიდან, 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონშია მოსალოდნელი. პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება.

აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე, გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე. პანდემიის გაუარესების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა რეგიონში შესაძლოა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდეს.

“გამოწვევებით აღსავსე ასეთ რთულ პერიოდში ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უშუალო კრიზისის მიღმა უნდა გაიხედონ და პოსტპანდემიური მდგრადი აღდგენისთვის მოემზადონ. ეს ნიშნავს მართვის გაძლიერებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციის და ციფრული განვითარების განმტკიცებას. კრიტიკულად არსებითი იქნება მნიშვნელოვანი და მდგრადი ინვესტიცია ხარისხიან განათლებაში და ჯანდაცვაში,”- აღნიშნა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა ანა ბიერდემ.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს სიღარიბეს სავარაუდოდ რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს. ანგარიშის შეფასებების მიხედვით, დღეში 3.20 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში,სიღარიბეში დამატებით შესაძლოა 2.2 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს, ხოლო დღეში 5.5 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში (რომელიც ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გამოიყენება)კი 6 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა,2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ 6 პროცენტით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით,2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4 პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად.

„საქართველოს ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკი ჩართული იყო COVID-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებშიჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. და ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ასევე, პანდემიამ რეგიონში უარყოფითი გავლენა იქონია განათლებაზე და ჯანდაცვაზე. ვირუსით უკვე ათასობით ადამიანი გარდაიცვალა და გადარჩენილი ადამიანების ჯანმრთელობას გრძელვადიანი ზიანი მიადგა. სკოლების დახურვას შეიძლება დანაკარგები მოჰყვეს სწავლის მიმართულებით, რაც სასწავლო წლის ერთი მესამედის ან სრული სასწავლო წლის ეკვივალენტურია. აღნიშნული სავარაუდოდგაამწვავებს უთანასწორობას სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე არაპროპორციული ზემოქმედებით.

ანგარიშში წარმოდგენილი სპეციალური ანალიზი ხაზს უსვამს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდა და მასზე წვდომის გაუმჯობესება, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობის წინაშე არსებული რისკფაქტორების შესუსტება გადამწყვეტია რეგიონის მდგრადი აღდგენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ქვეყნები შედარებით კარგ საბაზისო განათლებას და ჯანდაცვას უზრუნველყოფენ, რაც მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით შეფასდა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ფიზიკური პირების და ქვეყნების დასახმარებლად მომავალში წარმატების მიღწევის მიზნით.

„უბრალოდ გადარჩენა და საბაზისო განათლების მიღება საკმარისი არ არის. ზრდასრული ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, აქტიური და პროდუქტიული თავისი სიცოცხლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშნელოვანია ჯანმრთელობის წინაშე არსებული ისეთი რისკების შემცირება, როგორებიცაა სიმსუქნე, მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობის მიღება, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქტიურ და პროდუქტიულ დაბერებას. ასევე არსებითია უმაღლესი სასწავლებლების მიერ სტუდენტების მომზადება დღევანდელი შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ – კუნტმა.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის 18 პროცენტზე მეტიჭარბი წონის მქონეა, დაახლოებით 23 პროცენტი დიდი რაოდენობით მოიხმარს სპირტიან სასმელებს და თითქმის 26 პროცენტი აქტიური მწეველია. ჯანმრთელობის წინაშე არსებული ეს რისკები განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში, სადაც სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა ასევე უდაბლესია რეგიონში. აღნიშნული რისკების გავრცელება ზრდის არა მარტო გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობას, არამედ სიკვდილიანობას და COVID-19 -ის მსგავსი ინფექციური დაავადებებით გამოწვეულ სერიოზულ გართულებებს.

ხარისხიანი უმაღლესი განათლება უმნიშვნელოვანესია ადმიანებისთვის სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში,უწყვეტი მიგრაციის მიუხედავად, ასევე ხელს შეუწყობს მაღალი დონის უნარ-ჩვევების მქონე შრომითი რესურსების შენარჩუნებას.

გენდერული განსხვავებები განათლებაში და ჯანდაცვაში რეგიონის მასშტაბით შეზღუდულია და, არსებობის შემთხვევაში, ისინი ქალების სასარგებლოდ მეტყველებს. ფაქტიურად, ანგარიშის თანახმად, მამაკაცებს როგორც საბაზისო ისე უმაღლესი განათლების დონის ამაღლება სჭირდებათ. თუმცა, თითოეულ ქვეყანაში, ქალების ჩართულობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში და მათემატიკაში (STEM) მნიშვნელოვნად დაბალია მამაკაცებთან შედარებით. ეს საკითხი საყურადღებოა, რადგან STEM დისციპლინებში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები სავარაუდოდ უფრო დიდი ალბათობით დასაქმდებიან და მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.

ასევე, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება მოწევის და ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობის მოხმარების თვალსაზრისით. ორივე სახის ქცევა მამაკაცებს შორის ჭარბობს. შედეგად, რეგიონში, განსაკუთრებით რუსეთში და აღმოავლეთ ევროპაში, სიკვდილიანობის მაჩვენებლები მამაკაცებისთვის უფრო მაღალია ვიდრე ქალებისთვის.

ანგარიშის თანახმად, ამ განსხვავების აღმოფხვრა ვაჟების აკადემიური მოსწრების ამაღლებით საბაზისო და უმაღლესი განათლების საფეხურებზე და ქალებისთვის კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნით,ასევე, ინტერვენციების შემუშავება, როგორებიცაა მაგალითად გადასახადების ზრდა ალკოჰოლზე და თამბაქოზე, მამაკაცებს შორის მოწევის და სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარების შესამცირებლად, მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები