საქართველოს საგარეო უწყება სირიაში ე.წ. აფხაზეთის “საელჩოს” გახსნას უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებად აფასებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი დღეს სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საელჩოს” გახსნის საკითხს ეხმიანება.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბაშარ ასადის იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომელიც მან რუსეთის ზეწოლით 2018 წელს მიიღო და აფხაზეთისა და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ამასთანავე, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში დარწმუნებული არიან, რომ როდესაც სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება.
“სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
მოგეხსენებათ, ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს დაზ ამავდროულად, ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს”, – ნათქვამია კომენტარში.
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საელჩო დღეს იხსნება.
ბაშარ ასადის რეჟიმმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა.
მომხდარის შედეგად, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.