„ქართული მარში“ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების გრაფის აღდგენას ითხოვს
პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების გრაფის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს უკვე მიმართეს.
„ჩვენმა დაჟინებულმა შრომამ და ბრძოლამ გამოიღო ნაყოფი. წინ დიდი ნაბიჯია გადადგმულია, რომელიც, რა თქმა უნდა, ბოლომდეა მისაყვანი. კერძოდ, გუშინ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა ჩვენი მოთხოვნა, აღდგეს ეროვნების გრაფა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე კვლევა, სადაც ცალსახად ფიქსირდებოდა ქართველი ერის დიდი სურვილი და მოთხოვნა იმისა, რომ მათი წარმომავლობა, ეროვნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული იყოს. ამას გამოეხმაურნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების წარმომადგნელებიც, მათაც სურთ, დოკუმენტებში ეროვნება დაფიქსირებული ჰქონდეთ.
ამ დიდ მონდომებასა და სურვილს ბოლომდე მივიყვანთ. 31 ოქტომბრის შემდეგ არჩეული პარლამენტი დაამტკიცებს ამ პროექტს. იმისათვის, რომ ეს პროექტი თაროზე არ იქნას შემოდებული და ვიღაცებისგან არ იქნას უარყოფილი, „ქართული მარშის“ მრავალრიცხოვანი უნდა იყოს პარლამენტის დეპუტაციაში. ჩვენი დასაცავი იქნება ის ინიციატივები, რომელიც „ქართულმა მარშმა“ თავის დაარსების დღიდან გაავრცელა. ესაა: დიდგორობა გამოცხადდეს ეროვნულ დღესასწაულად, ეროვნების გრაფა აღდგეს პიროვნების დამდასტურებელ დოკუმენტებში. აქვე მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში მალე დაიწყება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გვაქვს ვალდებულება, 45 სამუშაო დღეში 25 000 ხელმოწერა მოვაგროვოთ. ამისთვის თქვენი აქტივობაა საჭირო. მეტროებთან დაიდგმება სტენდები, ჩვენი წარმომადგენლები დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მან განცხადება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„ჩვენ ვაპირებდით ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. ვინაიდან ახლადაღმოჩენილი გარემოებებისა და დოკუმენტების გამო გაჩნდა შესაძლებლობა, მოლაპარაკებების გზით ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს თემა იმისთვის, რომ „ქართული მარში“ არ აღმოჩენილიყო ხელისშემშლელ ფაქტორად, ვიღაცას არ ჰქონოდა საფუძველი, თითი გამოეშვირა ჩვენკენ, ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ეს აქტივობები. ვაცხადებ, პულსზე გვიდევს ხელი. არავის მივცემთ უფლებას, გააბითუროს ჩვენი მოსახლეობა. მოვითხოვთ, რომ ეს საქმე იყოს საჯარო, ღია“, – განაცხადა შიხიაშვილმა.