გიორგი ცუცქირიძე: საქართველომ „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით თავისი ისტორიული მაქსიმუმი ზედიზედ მესამედ გაიმეორა, რაც 2011-2012 წლის დონეს 3-ჯერ აღემატება
ექპერტი გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო ბანკის კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველომ „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით თავისი ისტორიული მაქსიმუმი ზედიზედ მესამედ გაიმეორა, რაც 2011-2012 წლის დონეს 3-ჯერ აღემატება.
„მსოფლიო ბანკის მიერ ქვეყნების შესაფასებლად ორი ინდიკატორია აღსანიშნავი – ბიუროკრატიის დონის შეფასებისა და კორუფციის თავისუფლების მაჩვენებელი. ორივე ეს ინდიკატორი აჩვენებს რა ქვეყნების მართველობის ეფექტურობას, არის თავისებური სიგნალიც ინვესტორებისათვის, უფრო აქტიურად განახორციელონ ინვესტიციები ამ მაჩვენებლებით გამორჩეულ ქვეყნებში. ეს განსაკუთრებით ჩვენსავით განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს ეხება, რადგან ინვესტიციების მოზიდვის ერთ – ერთი ხელისშემშლელი გარემოება განვითარებად ეკონომიკებში სწორედ მაღალი რისკებია, მოუქნელი ბიუროკრატიისა და მაღალი კორუფციის სახით”, – აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.
ექსპერტის განცხადებით, მსოფლიო ბანკის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი კვლევაც, უპირველესად სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისედაც კოვიდკრიზის პერიოდში, გლობალური პანდემიისას, კონკურენტუნარიანობის ამ კუთხით არის შესაფასებელი.
„მსოფლიო ბანკის აღნიშნულ კვლევაში ცალკე უნდა აღინიშნოს, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც საქართველო “სახელმწიფო ბიუროკრატიის” მიმართულებით შეაფასა და საქართველი მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში მე-16, ხოლო ევროპაში მე-11 პოზიციაზე გავიდა და, ბოლო წლებში ზედიზედ მესამედ, ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად გასული წლების სტატისტიკაც გამოდგება. შედარებისათვის, 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა იყო”, – აღნიშნა ექსპერტმა.
გიორგი ცუცქირიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” ფარგლებში Economist Intelligence Unit-ის მიერ საქართველოს შეფასებაზე „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით.
„საქართველომ თავისი ისტორიული მაქსიმუმი ამ კომპოზიციაშიც გაიმეორა ზედიზედ მესამედ, რაც 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლის დონეს და ასევე 25 პროცენტული პუნქტით – სამი წლის წინანდელ მაჩვენებელს, რითაც მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი – მე-10 პოზიციაზეა. როგორც ვხედავთ, ამ მაჩვენებლითაც საქართველო უსწრებს ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რეიტინგში უთანაბრდება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიც თუნდაც დიდი შვიდეულის ქვეყნები: აშშ, იაპონია და საფრანგეთი არიან”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.