“ლაბორატორიების, სამედიცინო დაწესებულების სიმძლავრე და ადამიანური რესურსი არასდროს არის ამოუწურავი”

“ადამიანური რესურსი დღეს ყველაზე კრიტიკული რესურსია, რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, ის თვლადი და გაზომვადია”, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი შეუზღუდავი არ არის.

მინისტრის თქმით, ლაბორატორიების და სამედიცინო დაწესებულების სიმძლავრე, მათ შორის, ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის.

„რა თქმა უნდა, რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, რესურსი არის თვლადი და გაზომვადი. სწორედ ეს იგულისხმა პრემიერმა. არც ლაბორატორიების სიმძლავრე, არც სამედიცინო დაწესებულების სიმძლავრე და ადამიანური რესურსი არამხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით არასდროს არ არის ამოუწურავი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა, იყოს საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა იმისთვის, რომ ის გეგმური ნაბიჯები, წინდახედული და გათვლილი ზომები, რომლებიც გვაქვს მიღებული, რაციონალურად გადანაწილდეს დროში. ყველა კარგად ვხვდებით, რომ კოვიდინფექცია არ დაწყებულა თებერვალში და არ დამთავრდა მარტში. მასთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურება მიმართონ, არამედ ჰქონდეთ საშუალება მოემსახუროს ისეთი პერსონალი, რომელიც არ იქნება 24/7-ზე გადატვირთული და მივაწვდით ხარისხიან სერვისს. ადამიანური რესურსი დღეს ყველაზე კრიტიკული რესურსია, ვინაიდან ადამიანებს, მით უმეტეს, მათ ვინც კრიტიკულ მედიცინაში მუშაობს, აქვს 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი. მათ სჭირდებათ დასვენება და საშეღავათო გრაფიკი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები