ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა
“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა”,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა. 32 კილომეტრიანი წრიული ბილიკის მოსაწყობად, 230 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პანორამული ბილიკები ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკის დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენით გახდება შესაძლებელი და იგი საშუალო სირთულის იქნება.
ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული. მის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები. მთა შუანოსთან კი, ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა. ლაშქრობის მოყვარულებს, წლის ნებისმიერ დროს, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნეძვის აღკვეთილის უძველესი, ხელუხლებელი ბუნება.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ და განვაახლოთ ტურისტული სერვისები და პარკში მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტად განაგრძობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ კუთხით არაერთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი მოეწყო, აბასთუმანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი უკვე გაიხსნა; ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები. კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით კი, ნეძვის აღკვეთილში ახალი ტურისტული ბილიკი მალე მიიღებს ვიზიტორებს”, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.
კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.