შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი – 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.